გრიგოლ გურიელი საინტერესო ინფომაციას იძლევა ქალაქ ოზურგეთთან და მის შემოგარენთან დაკავშირებით, პირველ რიგში საინტერესოა მისი განმარტება ქალაქ ოზურგეთის ძველ სახელთან დაკავშირებით, გრიგოლ გურიელი წერს – „мѣсто пребыванію своего въ город Озургеты (древній Озрахетъ)“, ანუ ოზურგეთს იხსენიებს ძველი სახელით, რომელიც ქართული ვარიანტით უნდა იყოს ოძრახეთი ან ოზრახეთი. იმის ვარაუდი, რომ ოზურგეთი ოძრხე-დან უნდა მომდინარეობდეს ჩემი აზრით ყველაზე უფრო საფუძვლიანი უნდა იყოს, რადგანაც გურია იბერიის სამეფოს ოძრხის საერისთავოს ნაწილიც გახლდათ.
.
ასევე საინტერესო ცნობებს იძილევა გრიგოლ გურიელი ოზურგეთის შემოგარენთან დაკავშირებით – „საერთოდ გადმოცემის მიხედვით ძველად ოზურგეთთან ახლოს მდებარეობდა დიდი სავაჭრო ქალაქი სადაც იყო ებრაელების და სომხების კოლონია, რომელსაც ჭოროხსა და რიონს შორის არსებული სვაჭრო გზის ცენტრალური პუქნტის დანიშნულება ჰქონდა. ამიტომაც სავარაუდოა, რომ სოწრედ ამის გამო გურიის მთავრება თავის მუდმივ ადგილსამყოფელად ქალაქი ოზურგეთი აირიჩიეს.“
სავარაუდოდ დიდი სავაჭრო ქალაქი უნდა ყოფილიყო სოფელ დვაბზუს ტერიტორიაზე, სადაც გადმოცემითვე არსებობდა დიდი სავაჭრო მოედანი სადაც იდგა ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი. დიმიტრი ყიფიანი, რომელიც გურიაში 1837 წელს იყო წერს – „იქ იყო (გურიაში) ერთად-ერთი სავაჭრო კუთხე დვაბზუ, სადაც 20-30 ჩალვადარი თათარი მთელ გურიაში აწარმოებდა გაცვლა-გამოცვლის ვაჭრობას. ფულის ნიშნებად ტრიალებდა ერთად-ერთი თათრული ფარა, ლითონის ისეთი მცირე წონისა, რომ ხელის-გულიდან შებერვით ასობით ადვილად გადაიყრებოდა, კაპიკის 1/20, თუ უფრო ნაკლებს რომ უდრიდა.“ თათრებს გურიაში ზოგადად მუსულმანებს ეძახდნენ, ის რომ ლაზი მუსულმანები ოზურგეთში აქტიურ ვაჭრობას ეწეოდნენ ამაზე თედო სახოკიაც წერს.
.
გურიაში ებრაელთა დიდი თემის არსებობაზე უთითებს ილია პაპისმედოვი, რომლის ცნობით: ვინმე დანიელ ბენ ნათან კონსტანტინეპოლელს მის მიერ ტრაპიზონში 1188 წელს შეძენილი 24 წიგნი შეუწირავს გურიის ებრაელთა თემისათვის, წარწერაში მითითებულია: „უფლისა ჩვენისა სახელით მე, დანიელ ბენ ნათან კონსტანტინეპოლელმა, ჩვენი თანამოძმეთა ტრაპიზონის თემის სახელით შევიძინე ჩემი სახსრებით ეს 24 წიგნი ბრწყინვალედ შეკრული და შევწირე გურიის ებრაელთა თემს“.
.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით „შემოქმედის ქვეით, არს ოზურგეთი, სასახლე დიდშენი, კეთილ-პალატოვანი, გურიელისა. აქავ სახლობენ ვაჭარნი სომეხ-ურიანი და ვაჭრობენ.“ ზაქარია ჭიჭინაძის აზრით გურიაში ებრაელთა თემის დიდი ნაწილი გაქრისტიანდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილაცია განიცადა.
.
პიეტრო დონ ავიტაბილე მიხედვით, რომელიც ოზურგეთში 1634 წელს ჩამოვიდა კათოლიკეების ეკლესია წმ. სილვესტრეს სახელობის იყო და სომხების უბანში მდებარეობდა: „წმინდა სილვესტროს სახელობის ეს ჩვენი ეკლესია ჩვენი ბატონის სასახლის კარიდანაც დაცილებული იყო და მისი მდებარეობა მოწმობდა, რომ ეს პატარა ეკლესია არასაკმარისი იყო ჩვენი წიმინდა ამხანაგებისათვის. იგი სომხების საცხოვრებლების შუაგულშია; სომხები დაახლოებით 40 ოჯახია, ვშიშობთ, რომ ამის გამო ჩვენს ეკლესიაში ქართველები ვეღარ მოვლენ, ვერც მთავრის სახლის პირნი, რომელნიც ამ ადგილზე არა ცხოვრობენ. არა მგონია, ჩვენი მისიონი ერთ თემზე მეტს მოემსახუროს”.
– Приложеніе 3-е к протоколу №363 – Записка о древнихъ развалинахъ Гуріи (Озургетскій уѣзд) и Турецкой Грузіи (Бившая Батумская область); Г. Д. Гуріели (გამოქვეყნებულია – Труды Императорскаго Московскаго Археологическаго Общества. Т. 13 1894 г.)
– Паписмедов Илья Шаломович «К истории торговли груз. евреев»
– ვახუშტი ბატონიშვილი “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”;
– დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე (XVII ს.), შესავალი, თარგმანი და კომენტარები ბეჟან გიორგაძისა (თბილისი: მეცნიერება, 1977)
– დიმიტრი ყიფიანის მემუარები
– მხატვარი ბორის კუსტოდიევი – ოზურგეთის სამი პეიზაჟი (1897 წელი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა