„წლევანდელ 1-ელ კვარტალში 1 360 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 112 პირი გარდაიცვალა, რომელთაგანაც 50 ქვეითი იყო“, – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წლევანდელ 1-ელ კვარტალში 18-20%-ით არის გაზრდილი როგორც ავტოსაგზაო შემთხვევათა, ასევე დაღუპულთა და დაზარალებულთა რიცხვი.
„2024 წლის 1-ელ კვარტალში, 1 136 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 93 ადამიანი გარდაიცვალა და 1495 პირი დაზარალდა. წელს სამივე ეს მაჩვენებელი 18-20%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად: წლევანდელ 1-ელ კვარტალში 1 360 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 112 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის 50 ქვეითი), 1 763 კი დაზარალდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს სტატისტიკა მოულოდნელი ან საერთო დინამიკიდან ამოვარდნილია, თუკი ბოლო წლებს გადავხედავთ… თუმცა, ცალსახაა, რომ ეს რიცხვები თავისთავად გვეუბნება, რომ რაღაც ზომებია მისაღები.
მეორე მხრივ, ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესია და მხოლოდ ერთ, ორ ან სამ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული. საზოგადოებას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ამ ყველაფრის მთავარი მარეგულირებელი და ყველაზე მეტი ბერკეტის მქონე ორგანო, ცხადია, ხელისუფლებაა და მას ყველაზე მეტი მოეთხოვება“, – განაცხადა ლალიაშვილმა.