რა გზავნილით ჩავიდა “ქართული ოცნების” პრემიერი უნგრეთში, ორბანის სამიტზე – ირაკლი კობახიძე “მეორე ფრონტზე” ისევ შეთქმულების თეორიებს ავითარებს.
“ოცნების” ლიდერის ნარატივი უცვლელია – ამბობს, რომ “უკრაინის ომის დაწყებიდან საქართველოს ხელისუფლებამ უზარმაზარ ზეწოლას გაუძლო როგორც გარედან, ისე შიგნიდან”.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, “ქართული ოცნების” პრემიერმა მესამე სექტორის წინააღმდეგაც გაილაშქრა.
“ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე” – ამბობს ირაკლი კობახიძე, რომელიც გუშინ, 28 მაისს, პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანს შეხვდა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, მსოფლიო შეესწრო სასტიკ ტრაგედიას უკრაინაში. დასაწყისშივე, ჩვენი ხელისუფლება აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელ შედეგებზე. სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები იგნორირებული იქნა. ჩვენ საქართველოში კარგად გვესმის, რა ფასად მოდის ომი და კარგად ვიცით, რა ფასი აქვს მშვიდობას. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში.
უკრაინის ომის დაწყებიდან ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას როგორც გარედან, ისე შიგნიდან, იმ ძალებისგან, ვისაც სურს საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. მშვიდობის გზა, ომის ნაცვლად. მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოწყვლადია, თუ მას სიმართლე არ იცავს. წლების განმავლობაში, გავლენიანმა საერთაშორისო მედია საშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელეს საქართველოში. მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას იმისთვის, რომ ომში ჩაბმაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავირჩიეთ და ეროვნულ ინტერესებზე უარი არ ვთქვით.
წლებია საქართველო იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლებიც პროგრესს კი არა ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას. როდესაც საქართველომ გაატარა ინიციატივა, რომლის სუვერენიტეტის დაცვას და გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარით და სანქციებით შეხვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედეთ და ვთქვით, დავიცავთ საქართველოს. მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე.
იყო პროევროპული არ ნიშნავს იყო ანტიქართული. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის. თავისი ძლიერი იდენტობით და ჩვენ სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით უნგრეთში და მის მიღმაც, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა. ჩვენი ეროვნულობა და ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.