ტუსკის განცხადება პასუხია “ოცნების” სვლებზე – საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის სამომავლოდ გაუქმების თაობაზე, საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ეკა სირაძე-დელონი  “ტრაგიკულ ინიციატივად” აფასებს.

ეკა სირაძე-დელონი ვარაუდობს, რომ დონალდ ტუსკი საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ევროკავშირის ფარგლებში საჭირო უმრავლესობის შეკვრას შეძლებს.

ამასთან, საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი “ტვ პირველის” ეთერში იმ მიზეზებზეც საუბრობს, რამაც დონალდ ტუსკს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა. ეკა სირაძე-დელონის თქმით, პოლონეთის პრემიერისთვის მოტივაცია მათ შორის “ქართული ოცნების” ქმედებები იყო.

ნახევარი მთავრობა მილანშია წასული და მოჩვენებითი ბედნიერების ფონზე საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობენ… მგონია, რომ ტუსკის განცხადებასა და ამ ფაქტს შორის რაღაც ტიპის კავშირი არის – ამბობს ეკა სირაძე-დელონი.

”ტუსკის განცხადება გამოძახილი მომეჩვენა, რომ არის ამ მასიურ სვლაზე მილანში. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა დიპლომატიურ პასპორტებს და სერვის პასპორტებს მოქმედება შეუჩერეს, ესენი ალბათ საქართელოს მოქალაქის პასპორტით ჩადიან. შესაბამისად გამოძახილი ევროპის ქვეყნებიდან არის ის, რაც ტუსკის მხრიდან მოვისმინეთ. მგონია, რომ რაღაც ტიპის კავშირი არის. ერთი მხრივ, ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მხარი დაუჭიროს, თუმცა ვხედავთ, რომ შედეგი არანაირი არ არის. იყო მცდელობა, რომ წევრი სახელმწიფოები სანქციებს დაადებდნენ, მაგრამ ამანაც არ იმუშავა კარგად, სამწუხაროდ. ამის საპირწონედ ვხედავთ, რომ ნახევარი მთავრობა მილანშია წასული და მოჩვენებითი ბედნიერების ფონზე საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებას ცდილობენ….

ჩემთვის ეს განცხადება დიდ ტრაგედიას წარმოადგენს, რადგან ვხვედბი, რამხელა ნაბიჯი იყო წინ გადადგმული და რამდენად უკან ვიხევთ ამ ინიციატივით. ჯერ ინიციატივაა მხოლოდ და გადაწყვეტილება არ არის მიღებული ევროკავშირის მიერ, მაგრამ ლობირებას თუ იწყებს ტუსკი, შეიძლება ბოლომდე მიიყვანოს საქმე. მესმის, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ არის მიმართული, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეები არიან დარტყმის სამიზნე.” – განაცხადა ეკა სირაძე-დელონიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკიმ პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე საუბრის დროს საქართველოც ახსენა – ტუსკიმ თქვა, რომ ევროკავშირის მასშტაბით საჭირო უმრავლესობას შეკრავს, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან.

“ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. უვიზოდ შემოსვლის შეზღუდვის ძლიერი მხარდამჭერი ვარ იმ ქვეყნებიდან, როლებიც, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, რომლებიც ავტორიტარულ მმართველობას ეხება” – განაცხადა დონალდ ტუსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights