სამოქალაქო აქტივისტი კუკა ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს:
”დღეს, ოზურგეთში, უჩვეულო ხალისი და ბედნიერება სუფევს – ხალხი ქუჩაში ბედნიერი და ღიმილიანი სახით დადის; სახლები, ბინები, კორპუსები, სავაჭრო ობიექტები, თქვენ წარმოიდგინეთ და პოლიციის შენობაც კი უჩვეულოდ ლამაზი, ხალისიანი ფერებით გვეგებება – თითქოს გაცოცხლდა და ყველაფერმა თავისი ფუნქცია დაიბრუნა. მცენარეებიც კი უჩვეულო სიხარულით შრიალებენ, სიოც ნაზი და საამურია, ჰაერიც აღარ არის ისეთი მძიმე და აუტანელი, ახედავ და ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ცაზე თავისუფლება აწერია. გარემოვაჭრეებიც აღარ არიან ქუჩაში ტროტუარზე – საკუთარი სავაჭრო ობიექტები გაუხსნიათ და შავი მტვერის ამტანი სამოსიც აღარ მოსავთ, ყველა ფერადია, ქუჩები სუფთა და მოასფალტებულია.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას “რაიკომი” აღარ ჰქვია, ყველა კარი და ფანჯარა ღიაა. “დაცვის პოლიციის” მაღალი ეშელონის პირები ჯამბაზის ცხვირით, ფერადი ხუჭუჭა თმით და მოხატული სახით მხიარულად გეგებება და ბუშტებს და ბამბის ნაყინს გთავაზობს – ყველას შეუძლია თავისუფლად შევიდეს ადმინისტრაციულ შენობაში. არავინ იცის, ვინ არის უკვე მოძველებული მერი, ახალაღზევებული გუბერნატორი და მარად საკრებულოს თავმჯდომარე-საკრებულოს თავმჯდომარე. ერთი შეხედვით ვინმე მდიდარი ბიზნესმენის მარიონეტების თეატრი გეგონება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა.
თეატრზე გამახსენდა: თეატრშიც “ნოდარ დუმბაძის შვლისშვილის სახელობის” მერაღაცამდენე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იმართება.
პოლიტპატიმრებიც აღარ გვყავს, არც სინდისის. რეპრესიებიც აღარ არის ქვეყანაში, ოზურგეთში განსაკუთრებით. ვერავინ ხვდება, გუშინ რას ნიშნავდა სიტყვები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მოკლედ, ყველაფერი შეცვლილია. რატომ? გუშინ საღამოს ოზურგეთში ანრი ჯოხაძეს უმღერია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ოზურგეთის მერიის ჩართულობით.