ვახო სანაია – ჟურნალისტი
უდანაშაულო მზიას წინააღმდეგ მთელი ქოც-ტროლ-ბოტობაა დარაზმული. დაავალეს – წყევლონ, აგინონ, დასცინონ და ბიძინას სხვა მომხრეებიც აიყოლიონ.
მოდი დავსვათ მარტივი შეკითხვა. რა უნდა ჩვეულებრივ ქოცს მზიასგან ? რატომ ერჩის ? რას ითხოვს მისგან ? რატომ ეშლება ნერვები მზიას გამო ? რატომ არ ანებებს თავს ?
დგებუაძის ლოყა რომ არ ადარდებს ქოცს, ეს ხომ ნათელია. აგერ სულ ფეხებზე ეკიდა, რიჟვაძე მოკვდებოდა თუ არა; სადმე მოგისმენიათ ქოცის წუხილი, რა და რატომ დაემართა რიჟვაძესო ?!
სადმე გინახავთ, აღშფოთებული ქოცი იმის გამო, პოლიციელებს როგორც ამცირებენ ტიტუშკები და ფორმიანი ჩმორები ხმას ვერ იღებენ. რატომ ? იმიტომ, რომ ქოცს სულ ფეხებზე ჰკიდია პოლიციელი.
მაშ, რას ემართლება ქოცი მზიას ? მზიას ხომ არაფერი მოუთხოვია მათგან. უდანაშაულო ადამიანი დგას სასამართლოში და სამართალს ითხოვს. რატომ წუხდება ჩვეულებრივი ქოცი ამით ?
ორი მიზეზია.
პირველი – მზია არ გატყდა. მონას კი ყველაზე მეტად თავისუფალი ადამიანი სძულს. მინდა გნახო დამარცხებული – ამას ეუბნებიან სინამდვილეში.
მეორე და მთავარი – მზია ანგრევს მათ წესრიგსა და რეჟიმს. თავად ბიძინასადმი ლოიალურად განწყობილებშიც შეაქვს დისონანსი ან უხერხულობა მაინც. სადმე სუფრასთან მათი ,,მთავრობის” არაკაცობის სიმძიმით სხედან. მზია თავისი სიძლიერით მათი ბელადის ძალაუფლებას ემუქრება. მზიამ დაამარცხა ივანიშვილი. ქოცის წარმოდგენით, ბიძინას უნდა გაეტეხა მზია. და ვერ გატეხა.
ახლა უწერენ – შენ გმირი კი არა, მოძალადე ხარ; შენ ფული გაქვს აღებული; ხოდა იჯექი ციხეში; ყველას დაავიწყდები და ა.შ.
ეს დამარცხებულთა კომენტარებია. ციხეში ჯდომა წაგებას არ ნიშნავს. ამიტომ ბრაზობენ – მათ გატეხილი მზიას ნახვა სურდათ.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთი რამ. რაც ნერვებს გვიშლის, ის სინამდვილეში რეჟიმის სისუსტეა. ეს კომენტარები ხომ ამის დასტურია. მათ სხვა ოცნება ჰქონდათ. ხელები ექავებოდათ, მისცემოდათ საშუალება, დაეწერათ სხვა შინაარსის დამცინავი კომენტარები – გატეხილ მზიასა და საზოგადოებაზე, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.
ხოდა, ვერ ეღირსები, ბიძინა, მზიაზე გამარჯვებას.
ნუ გვეშლება ნერვები. საქმე პირიქითაა, ისინი ბრაზობენ და აშინებთ მზიას შეუპოვრობა. სიამაყის საფუძველი გვაქვს და ნერვები რატომ გვეშლება ?! რაღაცებს ემოციების მიღმა უნდა შევხედოთ. ქოცებისა და მათი ტროლების ყველა კომენტარი მზიას წინააღმდეგ სინამდვილეში მათი მარცხის ნიშანია.