კურორტ ბახმაროს დამსვენებლები ჩოხატაურის მერიის წარმომადგენლებს, კურორტის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.
ამ დღეებში “გურიის მოამბეს” რამდენიმე დამსვენებელმა მიმართა.
მათი კატეგორიული თხოვნაა, მედიამ გააშუქოს კურორტზე არსებული ვითარება.
დამსვენებლები, კურორტზე მიმდინარე, მათივე განცხადებით, მასიურ უკანონო მშენებლობებს აპროტესტებენ და ჩოხატაურის მერიიდან რეაგირებას ითხოვენ, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, დღემდე უშედეგოდ.
პრობლემა ის არის, რომ თავად დამსვენებლებს იდენტიფიცირება არ სურთ, მათივე თქმით, შესაძლო პრობლემების დიდი ალბათობით, გამო, თუმცა გვთხოვენ, რომ ამ პრობლემაზე მედიამ, მათი ჩართულობის გარეშე იმუშაოს.
რამდენიმე დამსვენებელმა უკანონო მშენებლობების ფოტოებიც მოგვაწოდა.
როგორც ისინი იუწყებიან, განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია აჭარის ქუჩაზეა, სადაც ეს ფოტოებია გადაღებული.
კურორტის დამსვენებელთა მტკიცებით, ყოველწლიურად ბახმაროში 50 ზე მეტი უკანონო მშენებლობა ხდება, ყველა მათგანის უკან კი აჭარისა და გურიის მაღალჩინოსნების, ან მათი ოჯახის წევრების ინტერესებია.
მოგვაწოდენ იმ პირთა ვინაობებიც, რომლებიც, მათი ინფორმაციით, ამ მშენებლობების უკან დგას.
რედაქცია რამდენიმე დღეა ცდილობს, მათთან, ასევე ჩოხატაურის მერიასთან დაკაშირებას, თუმცა კომენტარისაგან ყველა მხარე თავს იკავებს.