სოციალური ქსელები საქართველოში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ველია. საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებასა და ონლაინ სივრცეში, “ქართული ოცნებისთვის” სასურველი, ალტერნატიული რეალობის შესაქმნელად პროსახელისუფლებო მედია, ყალბი პროფილები და კოორდინირებული კამპანიები გამოიყენება.
ამის ნათელი მაგალითია “ქართული ოცნების” მიერ დაპატიმრებული ადამიანების წინააღმდეგ, გააქტიურებული დისკრედიტაციის კამპანიები – აუცილებლად შეამჩნევდით პოლიტპატიმრებისა და აქტივისტების შესახებ გავრცელებულ პოსტებზე, ზიზღის ენით დაწერილ კომენტარებს, რომლებიც დაკავებულების უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ. ამ კომენტარების ავტორების პროფილზე გადასვლისას, შვილიშვილებით გარშემორტყმული უწყინარი ბებოების ფოტოები გხვდება – ეს ბოლო პერიოდში ქართველი ტროლის ერთ-ერთი პოპულარული პერსონაჟია.
ვინ აკვირდება ტროლებს?
საქართველოში წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს აქტიურად აკვირდება სამოქალაქო სექტორი. მაგალითად, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) წლებია სწავლობს ქართულ სოციალურ ქსელებში მიმდინარე პროპაგანდისტულ კამპანიებს. ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტების კოორდინატორი, ქრისტი ფარჯიანი ამბობს, რომ არაავთენტური ექაუნთების პერსონაჟები პერიოდულად იცვლება:
„თავიდან უფრო ადვილად აღქმადი ტროლები იყვნენ – მაგალითად, ედოთ ინტერნეტიდან მოპარული ლამაზი გოგოების ფოტოები და რომ დაძებნიდი, ადვილად პოულობდი. მოგვიანებით ასეთი ფოტოები ხელოვნური ინტელექტით [AI] გენერირებული ფოტოებით ჩანაცვლდა, თუმცა AI- ს მიერ დაშვებული შეცდომების გამო, მათი არანამდვილობა ხშირად აშკარა იყო.
ნაწილი ექაუნთების საერთოდ არ შეიცავდა პიროვნების შესახებ ინფორმაციას – მაგალითად, ფეისბუქ პროფილს სახელად „რკინის ნაკეთობები”, შეიძლება სერიოზული პოლიტიკური შეფასებები დაეკომენტარებინა სხვადასხვა პოსტზე. შესაბამისად, დეზინფორმაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, უფრო ადვილად პოულობდნენ ასეთ ექაუნთებს.
ახლა, მისი თქმით, „არაავთენტური ანგარიშების დიდი ნაწილი საშუალო და უფრო ზევით ასაკის (ძირითადად) ქალების პროფილებისგან შედგება“. იმას, თუ რატომ შეირჩა ქართველი ტროლისთვის ასეთი პერსონაჟი, რამდენიმე მიზეზი აქვს.
„ერთი მიზეზი ალბათ არის ის, რომ სახელისუფლებო გუნდს, ძირითადად მხარდამჭერები დაახლოებით ამ ასაკის ადამიანები ჰყავს. გარდა ამისა, სანდოობაც მეტად არის, მომხმარებელი ფიქრობს “ეს ამხელა ასაკიანი ქალი ტროლი ხომ არ იქნება” ან/და ვინ მოიპარავდა ასეთი ასაკიანი ქალის ფოტოს“.
როცა ძველი სტილი საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად საცნობი ხდება, ტროლების „სახეები“ იცვლება: „მაგალითად, ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით პროფილებს ლამაზი გოგოების ფოტოებით ან BMW-ს მანქანებით, მაგრამ როცა ადვილად საცნობი გახდა საზოგადოებისთვის, რომ ეს პროფილები ავთენტური არ იყო, ტროლების სახე შეიცვალა და უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, საშუალო ასაკის ქალების აქტიურობა, რომლებსაც ანაღვლებთ, რა ხდება ქვეყანაში და თავიანთ აზრს, აი ასე გულწრფელად აფიქსირებენ“, – ამბობს ქრისტი ფარჯიანი.
როდის და როგორ აქტიურდება ტროლების ქსელი
როგორც კი მოქალაქეები ან ორგანიზაციები „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებენ, იწყება ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიები. ასეთი კამპანიები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა აქციებზე დაკავებული პირების წინააღმდეგ, თუმცა განსაკუთრებით გააქტიურდნენ დაკავებულების განაჩენის გამოცხადების პერიოდში.
მაგალითად, ერთ-ერთი უახლესი კოორდინირებული კამპანია, ივნისის თვეში, “მითების დეტექტორმა” გამოავლინა, რომელიც მათე დევიძისთვის განაჩენის გამოტანის პროცესს უკავშირდება. ამ დროს სოციალურ ქსელში, მათე დევიძის დისკრედიტაციის მიზნით, ყალბი და ანონიმური (რეა ლობა, Aravin, მიხეილ მზეთუნახავი, ბოროტმოქმედია) ანგარიშები გააქტიურდნენ, რომლებიც პროსახელისუფლებო მედიასთან (posTV, იმედი) ერთად მათე დევიძის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდნენ.
„მითების დეტექტორის“ ცნობით, ყალბი ანგარიშების ნაწილი პროსახელისუფლებო ფეისბუკის გვერდებთან იყო დაკავშირებული, ნაწილი კი დამოუკიდებლად მოქმედებდა. ისინი კოორდინაციაში იყვნენ სამთავრობო მედიასა და სხვა ანონიმურ ანგარიშებთან.
ჯერ კიდევ 2019 წელს, Facebook-მა, გამოავლინა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კოორდინირებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც წაშალა 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი, რადგან დაადგინა, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.
ქრისტი ფარჯიანი განმარტავს, რომ კოორდინირებული თავდასხმები ემყარება წლების განმავლობაში აგებულ ფართო ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს პროპაგანდისტულ მედიასა (posTV, „იმედი“) და სააგენტოებს („kvira.ge“, „ნიუსჰაბი“, „მხარე“ და სხვ.). ხოლო ისეთი გზავნილებისთვის, რასაც ეს მედიები არ/ვერ ავრცელებს, არსებობენ ეგრეთ წოდებული „ექსპერტები“ და Facebook-ზე აქტიური „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.
„ასევე, როდესაც რაღაცა ტრაგედია ხდება, ან უნდათ, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს დამნაშავე იპოვონ ამ ყველაფერში, ჰყავთ „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერები Facebook-ზე, რომლებიც იწყებენ დისკრედიტაციის კამპანიებს. მაგალითად, ასე მოხდა თვალჭრელიძის ქუჩის ამბების დროს. ზუგდიდის ხანძრის შემთხვევაშიც, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, „ოცნების“ მხარდამჭერებს ფეისბუქზე ავრცელებინებდნენ ბრალდებებს, თითქოს დედა იყო დამნაშავე, რადგან „დედას არ ეცალა“.
აი, ასეთი ინფრასტრუქტურა აქვთ და საკმაოდ ბევრი ტროლი ამ ყველაფრის ნაწილია“, – ამბობს ქრისტი.
რა ამოცანები აქვთ ტროლებს და როგორ ატყუებენ ალგორითმს
არაავთენტურ ანგარიშებს ძირითადად ორი ფუნქცია აქვს: პოსტების ინტერაქციის გაზრდა (ლაიქები, რეაქციები) და რაც შეიძლება მეტი კომენტარის დატოვება, რომ რეალობა წარმოაჩინონ ისე, როგორც აწყობს პროპაგანდას.
„ამით ორი მიზანი მიიღწევა: ერთი – როცა ხედავ, რომ ძალიან ბევრი კომენტარი ერთ აზრს აფიქსირებს, მერე სხვებს უჭირთ, განსხვავებული პოზიციის დაფიქსირება; მეორე – ალგორითმი ტყუვდება, თვლის, რომ ასეთი კომენტარები მნიშვნელოვანია და მეტ მომხმარებელს აჩვენებს.
ამას აკეთებენ შემდეგი ტაქტიკით: წერენ შეურაცხმყოფელ კომენტარებს და შემდეგ აღარ პასუხობენ კომენტარებს, რასაც სხვა მომხმარებლები პასუხობენ. ამ დროს მეტა თვლის, რომ რადგან ბევრი ადამიანი პასუხობს ამ კომენტარს, ესე იგი ეს ანგარიში მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს არაავთენტური ანგარიშები უფრო პოპულარული ხდებიან და მეტ ადამიანს უჩენს მათ კომენტარს“, – განმარტავს ქრისტი ფარჯიანი.
როდესაც მონიტორინგის ჯგუფები ტროლების კოორდინირებული ქცევას გამოავლენს, ინფორმაცია გადაეცემა Meta-ს, რის შედეგადაც ის შლის ასეთ ქსელებს – არა გზავნილების შინაარსის, არამედ ქცევის გამო.
როგორ იქმნება ტროლების ქსელი და რა ართულებს მათ ამოცნობას
როგორც წესი, ეს სქემა მუშაობს არა ერთი-ორი ანგარიშით, არამედ ორგანიზებულ ქსელების პრინციპით. ქსელები შედგება ათეულობით ყალბი პროფილისგან, რომლებიც ერთმანეთთან ინტერაქციაში შედიან – წერენ კომენტარებს, ალაიქებენ ერთმანეთის პოსტებს, თითქოს ავთენტურები არიან. მიზანი საზოგადოების დარწმუნებაა იმაში, რომ ეს პროფილები რეალურ ადამიანებს ეკუთვნის.
„შარშან, წლის ბოლოს ერთი ასეთი ქსელი აღმოვაჩინეთ, სადაც შედიოდა დაახლოებით 30-მდე ანგარიში, რომლებიც ერთმანეთთან შედიოდნენ ინტერაქციაში, უწერდნენ ერთმანეთს კომენტარებს – „მაიკო, ჩემო ლამაზო“ და მსგავსი. მაიკოს სურათი სინამდვილეში რუსი ბლოგერის მოპარული ფოტო იყო – არანაირი მაიკო არ არსებობდა.
თუ ადრე ძირითადად ახალგაზრდა გოგოების ფოტოებს იპარავდნენ, ახლა ტენდენცია შეიცვალა – აქტიურად იყენებენ ასაკოვანი ქალების ფოტოებს, რადგან ძველი სქემა უკვე ამოცნობადი გახდა და ასეთი პროფილებით ცდილობენ განსხვავებული რეალობის შექმნას”.
ბებოებად “გადაცმული” ტროლების ამოცნობას ართულებს ის ფაქტიც, რომ შესაძლოა ანგარიშები გაკეთებული იყოს რეალური ხანდაზმული ადამიანების ფოტოებით, რომლებიც არ აქტიურობენ ინტერნეტში:
„შეიძლება ანგარიშები რეალური ადამიანების ფოტოებით იყოს შექმნილი და ნათესავი უკომენტარებდეს, თუმცა თავად არ მართავდეს პროფილს. თუმცა, ხშირად ისეთი თანამედროვე ენით და ინფორმაციული წყაროებით ხელმძღვანელობენ ეს ანგარიშები, რომ ძნელია დაიჯერო ასაკოვან ადამიანებს შეიძლება ასეთ წყაროებზე მიუწვდებოდეთ ხელი“.
უცნაური სტუმრები TikTok-ზე
თუ ადრე ტროლების ძირითადი ჰაბიტატი საქართველოში ფეისბუქი იყო, ბოლო პერიოდში ტენდენცია შეიცვალა და არაავთენტური ანგარიშები აქაც მომრავლდა.
საქმე ის არის, რომ თავად Tik-Tok-ი ახალგაზრდულ პლატფორმად ითვლება, თუმცა კომენტარებში ხშირად ჩანს საშუალო ან უფროსი ასაკის ადამიანების პროფილები. სწორედ ამას მიიჩნევენ სპეციალისტები საეჭვოდ, რადგან ასეთი აუდიტორია, ბუნებრივად, არ არის TikTok-ზე აქტიური.
„TikTok-ის ენა განსხვავებულია, უფრო ახალგაზრდული და ძალიან განსხვავდება ეს კომენტარებიც, TikTok-ისთვის არადამახასიათებელი კომენტარებია, სწორედ ეს არის ხოლმე საეჭვო. მაგალითად აღმოჩნდება, რომ საერთოდ არ უდევს ვიდეო TikTok-ზე, არც ერთი რეპოსტიც არ აქვს გაკეთებული, ან თუ აქვს რეპოსტები, მარტო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიდეოების და მეტი ინტერაქცია არ აქვს არავისთან“, – განმარტავს ქრისტი.
მართალია, პროსახელისუფლებო და პროპაგანდის გამავრცელებელი ანგარიშების ნაწილი რეალურ ადამიანებს ეკუთვნით, თუმცა ISFED-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი კოორდინირებული კამპანიების მასშტაბები ცხადყოფს, რომ სოციალური ქსელები დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარი არხია საქართველოში.
„ბათუმელები“