გურიის მოამბე

SJC: შსს-ს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქტივისტები

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” განცხადებას ავრცელებს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მოქალაქეების დაკავებას ეხმიანება.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული აქტივისტები. ასევე, შეწყვიტოს აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება, პატივი სცეს, პარლამენტთან მყოფი მოქალაქეების შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას და მათ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა მისცეს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

”დღეს, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ 20-ზე მეტი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეები აფერხებდნენ საავტომობილო მოძრაობას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების მოთხოვნას. დაკავებულებს შორის არიან სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები. ამ დროისთვის უცნობია დაკავებულების ადგილსამყოფელი. ამ მომენტისთვის, აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაკავების შესახებ განცხადება ამ მდგომარეობით არ გაუვრცელებია სახალხო დამცველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სინდისის პატიმრების წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გამოცხადების შემდეგ, მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ”ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი, სადავო მანდატის მქონე დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა მოქალაქეების ნაწილს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცეს და ძალის გამოყენებით დააკავეს. საჯაროდ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ დემონსტრანტები წინასწარი განმარტების გარეშე ჩასვეს საპოლიციო ავტომობილებში. დაკავების მომენტში, დაკავებული მოქალაქეების ნაწილი არ იმყოფებოდა საავტომობილო გზაზე.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, შეკრების უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით და შეკრებისთვის საჯარო სივრცის გამოყენებას ევროპული სასამართლო ისევე ლეგიტიმურად მიიჩნევს, როგორც, სხვა ნებისმიერი მიზნით, შესაბამისად, გზის სავალი ნაწილის დროებითი დაკავება არ უნდა გახდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, როდესაც პროტესტის ადგილს მისი მონაწილეებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. აშკარაა, რომ ძალოვნებმა შეკრების მალევე და აგრესიული დაშლით უხეშად უგულებელყვეს მოქალაქეების შეკრების თავისუფლება.

ამასთან, მშვიდობიანი შეკრებისას, მოქალაქეების მასობრივი დაკავების, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენების უსაფუძვლობის გარდა, შემაშფოთებელია სამართალდამცავების აგრესიული ქმედებები და დაკავებულების პროცესუალური გარანტიების სრული უგულებელყოფა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიცია საჭიროების გარეშე იყენებს ძალას აქციის მონაწილეების მიმართ და მათ ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და განმარტების გარეშე, ჯგუფურად აკავებს. ვიდეოჩანაწერებში ასევე ჩანს, რომ  საპოლიციო ავტომობილებამდე ძალის გამოყენებით მიჰყავდათ ის მოქალაქეებიც, რომლებიც სამართალდამცავებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ და ამის შესახებ სიტყვიერადაც მიუთითებენ.  კადრებიდან აგრეთვე იკვეთება, რომ ძალოვნები აგრესიულები არიან არა მხოლოდ დაკავებული პირების, არამედ გარშემომყოფი მოქალაქეების მიმართაც.

ამდენად, ცალსახაა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიების არსებითი გაუარესების მიზნით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების რამდენიმე ტალღის შემდეგ, საპოლიციო ძალები კვლავ აგრძელებენ აქციის მონაწილეების ძალადობრივ დაკავებებს და სამართალდამცავი უწყებები მოქმედებენ არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, არამედ  – შეკრების ხელშეშლის ინტერესით. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights