სოფელი ვანი – კარლ კოხი გურიის მეღვინეობის შესახებ
.
„სუფსის მეორე ნაპირიდან ცხენებით სოფელ ვანისაკენ გავემართეთ გურული ღვინის გასასინჯად. რომლის შესახებაც ბევრი გვსმენია. „კახეტინსკის“ ანუ კახური ღვინის (კახეთი აღმოსავლეთ: საქართველოს პროვინციაა) შემდეგ ამიერკავკასიაში ყველაზე მეტად აფასებენ გურულ ღვინოს. სოფლის მამასახლისმა (აქ ხელოსანი ეწოდება) უცხოელები ზრდილობიანად მიგვიღო და ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მაშინვე ჭური („კუვშინი“) მოახდევინა.
.
ადვილად დასამუშავებელ ქვიშა-ქვაში 4-5 ფუტის სიღრმისა და მისი ნახევარზე ცოტა მეტი სიგანის ორმოებია (სწორედ ის ჭურებია) ამოჭრილი ღვინის ჩასასხმელად და შესანახად. ჩვენს გაოცებას საზღვარი არა ჰქონდა, როდესაც დავინახეთ რაოდენ კარგი და მაგარი გამოდგა ამ იშვიათი ჭურჭლიდან ამოღებული ღვინო მიუხედავად იმისა, რომ კარგად დაყენებული არ იყო.. ადვილი წარმოსადგენია, რა დადგებოდა ამ ღვინისაგან, კარგად რომ დაეყენებინათ იგი. გურულები, და საერთოდ ამიერკავკასიელები, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ როგორც თვითონ ვაზს და მის მოვლას, ასევე სასმელის მომზადებასაც.
.
როგორც კი ყურძენი საჭირო სიმწიფეს აღწევს, მას კრეფენ, ყრიან მაღლა შემოდგმულ, საკმაოდ ბრტყელ ჭურჭელში და ფეხით ჭყლეტენ. ხის ღარის საშუალებით წვენი ქვაში ამოჭრილ ჭურჭელში ჩადის. მაგარ კლდოვან ადგილებში დაახლოებით ოთხი, ხუთი ფუტის სიმაღლის ეტრურიული ვაზის მსგავს თიხის ჭურჭლებს ამზადებენ და ცეცხლში გამოწვავენ. დიდი ზომის ღუმელების უქონლობის გამო ურნებს უმეტესად სამ ნაწილად ამზადებენ, ხოლო გამოწვის შემდეგ აერთებენ მიწაში ჩასაფლობად.
.
თავისთავად ცხადია, რომ წვენთან ერთად ჭურებში („კუვშინებში“) ყურძნის ჩენჩო, და ყუნწები მაინც ჩადის. რამდენიმე დღეში მასა დუღილს იწყებს; მხოლოდ ამის შემდეგ ჭურს აფარებენ ბრტყელ ფიქალ ქვას. როდესაც ჭურჭელში იმდენი ნახშირ-ორჟანგი დაგროვდება, რომ აღარ ეტევა მასში, იგი ქვას მიაწვება მაღლა ასწევს და გარეთ გამოდის. იმის გამო, რომ სახურავი თავისთავად ჩამოიწევს ძირს, ეფარება, ჟანგბადი გარედან შიგნით ვერ შეაღწევს და ღვინო არ დამჟავდება. როცა ქვა მაღლა აღარ იწევს, ეს უკვე იმის ხიშანია, რომ დუღილი ძირითადად დამთავრებულია; მაშინ მიწას იღებენ და ზემოდან აფარებენ დახურულ ჭურჭელს. ღვინო იქამდის რჩება ჭურებში, სანამ მას არ გაყიდიან ან არ დალევენ.
.
სამწუხროდ აქ ისევე როგორც ყველგან აღმოსავლეთში გასაყიდ ღვინოში ცოტა ნავთს ურევენ, რომ დიდ სიცხეში არ გაფუჭდეს, ნავთი ძალიან ცუდ გემოს აძლევს სასმელს თუმცა მას საოცრად მალე ეჩვევიან. ადგილობრივები ასეთ ნავთშერეულ ღვინოს მეტი სიამოვნებითაც კი სვამენ და უფრო მაგრადაც მიიჩნევენ.
.
სწორედ ამ დროს ქუთაისიდან ჩამოვიდნენ სომეხი ვაჭრები ღვინის საყიდლად. ეს ღვინო, როგორც ჩანს, ძალიან იაფია. ჩვენში, ჩვეულებრივ ერთი ბოთლი ღვინო ვერცხლის გროში ჯდება, მაშინაც როდესაც ის საუკეთესო ხარისხის ღვინოა.“
.
„გურიაში ვაზი სპეციალურად შეჭრილ თუთის ხეებზე აჰყავთ. ჩვენ იქ გვიამბეს, რომ გურული ღვინო თბილისშიც კი ჩააქვთ. იგი იქ უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე ადგილობრივი ღვინოები. მიუხედავად ამისა, აქაური მაცხოვრებელები: ახალგაზრდა თუ მოხუცი, ქალი თუ კაცი, ძალიან ბევრს სვამენ. გვითხრენ რომ ახალ დაბადებულ ბავშვსაც კი აძლევენ ცოტა ხნის შემდეგ ერთ კოვზ მაგარ ღვინოს, ხოლო შემდგომ დედის რძესთან ერთად დრო და დრო ცოტა ღვინოსაც ასმევენ.
.
ვანი დიდი გზის მახლობლად მდებარეობს, რომელიც ქუთაისიდან ოზურგეთის გავლით წმინდა ნიკოლაიში მიდის.“
.
P.S. გერმანელი ბოტანიკოს-დენდროლოგი და მოგზაური კარლ კოხი (Karl Heinrich Emil Koch 1809-1879) საქართველოში მოგზაურობდა 1836-1838 წლებში
.
კარლ კოხი – „მოგზაურობა რედუტ-კალედან ტრაპიზუნტამდე“ (საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XII – 1981)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა