ინტერკონტინენტური დიასპორების გაერთიანება “თაობები საქართველოსთვის“ ორგანიზაციის განცხადება
განცხადების მიზანია პასუხი გავცეთ ქართული ოცნების ინიციატივას, რომელიც ბ. პაპუაშვილმა გაახმოვანა იმის თაობაზე, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალოს ქვეყნის გარეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
აღნიშნულ ინიციატივაში ქართული ოცნება აღიარებს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დაცვა აუცილებელია. ამავდროულად აღიარებს, რომ საარჩევნო უფლება ყველა საქართველოს მოქალქეს უნდა შეუნარჩუნდეს, მხოლოდ საქართველოში.
ისმის კითხვა. ქართული ოცნება საქართველოს ტერიტორიებად და ქართულ საკანონმდებლო სივრცედ განიხილავს და აღიარებს თუ არა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ?
თუ ჩვენს კითხვაზე პასუხი არის კი და აღიარებენ, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიებზე ქართული საკონონმდებლო სივრცე ვრცელდება მაშინ რა პრინციპით არ უნდა გაიხსნას საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ?

თუ ქართული ოცნება შეცვლის საარჩევნო კოდექსს იმგვარად, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა აიკრძალება, ამით ოცნება დაარღვევს საყოველთაობის და თანასწორობის ფუძემდებლურ პრინციპებს. იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო სიის თითქმის მესამედი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ეს პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის საქართველოში ოდესმე ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
გასაგებია, რომ ქართულ ოცნებას არაფრად მიაჩნია კანონი და სამართალი, დიდი ხანია დაივიწყა კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა, გააუქმა სამართლიანი არჩევნები და ახლა არჩევანის უფლებას ართმევს ყველა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეს.
ჩვენ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დიდი ხანია გამოვედით გაკვირვების და შეშფოთების რეჟიმიდან.
ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ დიასპორები და საქართველოში მოღვაწე პროფესიული თუ პროტესტში ჩართული ჯგუფები.
შევიმუშავეთ ერთიანი სამოქმედო გეგმაც და რაც მთავარია ჩვენი გაერთიანება ეფუძნება ეროვნულ იდეას, შევქმნათ ახალი საქართველო.
ამ იდეას ყოველდღიურად საქართველოდან თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები უამრავი საქართველოს მოქალაქე უერთდება.
ამავდროულად ათეულობით მოქალაქე დავაყენეთ საკონსულო აღრიცხვაზე არჩევნებისთვის მზადების მიზნით.
ჩვენ მეტს ვაკეთებთ ვიდრე ვლაპარაკობთ. ამიტომ ჩვენი პასუხიც ოცნების მორიგ უკანონობაზე იქნება საქმით და არა შეშფოთებით და გაკვირვებით.
როგორც ჩანს ეროვნული იდეის ირგვლივ გაერთიანება და სამოქმედო გეგმა საფრთხედ აღიქვა ქართულმა ოცნებამ და დიასპორების არჩევნებიდან ჩახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
გაერთიანება ერთი იდეის ირგვლივ არის ის რისიც ეშინია ქართულ ოცნებას.
ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია განვაგრძობთ მუხლჩაუხრელად შრომას დიდი გაერთიანებისთვის საერთო ეროვნული იდეის ირგვლივ.
ქართველი ხალხი აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთობით.








