ოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, გენადი კიშინსკი, ოზურგეთის მერიაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ – მას ვერავინ შეეხება, დარეკილია ზემოდან და არ აინტერესებს აქ ვინ რას ფიქრობს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს”, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა აცნობეს.
თანამშრომლების თქმით, რომლებიც, შესაძლო ზეწოლებისა და მუქარების თავიდან ასარიდებლად, საკუთარი სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავს იკავებენ, მუნიციპალური ინსპექციის უფროსი აფრთხილებს მათ, თავი შეიკავონ, მერიის ახალ სტაფთან, მისი გვერდის ავლით ურთიერთობაზე და შეწყვიტონ მის გარეშე კავშირების გაღრმავება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას პრობლემები შეექმნება:
“ის შიშობს, რომ შესაძლოა მისი ჩანაცვლების პროცესი დაიწყოს სამსახურის შიგნით და პრევენციის მიზნით, დაუფარავად მიგვანიშნებს მისი სუსთან ახლო ურთიერთობებზე და გავლენებზე თბილისში, რის გამოც, მისი ჩანაცვლების ყველა მცდელობა უშედეგო იქნება და მცდელობაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება” გვითხრა, ოზურგეთის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ერთერთი განყოფილების უფროსმა, რომელიც დაპირისპირებაში იმყოფება ინსპექციის პირველ პირთან.
ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია, ოზურგეთის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე, ყოფილი მერის, ავთანდილ თალაკვაძის მმართველობის პირველივე დღეებში შეიქმნა.
ის ოზურგეთში, ადგილობრივ საზოგადოებაში ყველაზე არაპოპულარული დაწესებულებაა, მასთან ასოცირდება მოსახლეობის ასეულობით დაჯარიმება, რის უმრავლესობასაც მოქალქეები უკანონოდ მიიჩნევენ; მაგალითად მუნიციპალური ინსპექცია, ძირითადად სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს, საკუთარ კარმიდამოში ავტოფარეხებისა და საღორეების შეკეთებაზეც, ასევე ღობისა და სცხოვრებელი სახლის კედლის რეაბილიტაციაზეც კი აჯარიმებდა, ნებართვების თუ შეთანხმების არ ქონის მომიზეზების საბაბით.
რამდენჯერმე ეს სამსახური სკანდალში გაეხვა.
მაგალითად, კურორტ შეკვეთილის ერთ ერთი სასტუმროს მეპატრონის დაჯარიმების გამო, როცა ამ უკანასკნელმა, სასტუმროს, კვების ობიექტი უკანონოდ მიაშენა, თუმცა ეს სასტუმრო. მედიის მტკიცებით, “ოცნების” მაღალჩინოსნის, სოზარ სუბარის ოჯახის საკუთრება აღმოჩნდა და მოგვიანებით, ინსპექციამ ჯარიმა გააუქმა, ჯარიმის გამომწერი საკუთარი თანამშრომლები კი დასაჯა.
დღეისათვის სახალხო დამცველის აპარატი განიხილავს, ინსპექციის ყოფილი თანამშრომლის, ნინი შუბლაძის საჩივარს, რომელიც ინსპექციის ხელმძღვანელობას, არასათანადო მოპყრობაში, დევნასა და შევიწროებაში და მოგვიანებით სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ ნინი შუბლაძე, რომელიც მუნიციპალური ინსპექციიდან დაითხოვეს, ორ არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის, ნაქირავებში ცხოვრობს და სახელმწიფო შემწეობაზე იმყოფება.








