გურიის მოამბე

ლიხაური

ლიხაური
.
რაინეგსისა და გიულდენშტადტის მიერ ქებული ქვეყნის სილამაზის სრულად აღსაქმელად, რამდენიმე ექსკურსია მოვაწყვე. პირველად ლიხაურში ვიყავი, რომელიც აჭარის მთებისკენ 8 ვერსტის დაშორებით მდებარეობს. ჩვენ გადავლახეთ მდინარე ბზუჯი და გავედით ულამაზეს და ნაყოფიერ ხეობაში, რომელიც დაფარულია ღომის ყანებით და ვაზით დახუნძლული ხეებით. ხეობა ირწყვება მრავალი პატარა ნაკადულით, რომლებიც მდინარე აჭიწყალში ჩაედინება. ასეთი ტიპის ლანდშაფტს, მისი სივრცის გათვალისწინებით შესაძლებელია დაბლობიც კი ვუწოდოთ.
.
აქვე იყო საკარანტინო პუნქტი, რომლის გამოყენებაც ახალმა წესებმა უსარგებლო გახადა.
.
ლიხაურის ხეობის სამხრეთით გურის მთები მაღლდება, მისი ტყით შემოსილი მთავარი მწვერვალები თოვლით არის დაფარული. ლიხაურიდან სამხრეთ-დასავლეთით მხოლოდ ერთი მწვერვალი გამოირჩევა პირამიდული ფორმის გამო; ეს არის დიდი პორფირიული კლდე, რომელიც ადგილობრივებში აჯარკის (d’Adjarki; სავარაუდოდ „ჭახათი“) სახელითაა ცნობილი.
.
ჩრდილოეთით, ლიხაურს ესაზღვრება მცირე, მელაფირული მიწის ზოლი, რომელიც იწყება ოზურგეთის ეკლესიიდან და ქმნის მდინარე ბზუჯის მარცხენა ნაპირს, ეს ზოლი თითქმის ზღვის სანაპირომდეა გადაჭიმული.
.
7 ან 8 ვერსის შემდეგ, ჩვენ გამოვედით თხემლის ტყიდან, რომელიც სოფელ ლიხაურის აკრავს, ასეთი ტყეები ამ ქვეყნის ყველა ნაწილში გვხვდება. ჩვენ გზას ვაგრძლებთ გურიის მთების ძირში არსებულ იზოლირებულ პორფირიტურ მთაზე ასვლით, რომლის ფერდობები ტყიანია, ამ სიმწვანის საფარის მაღლა კი ლიხაურის ციხე დგას, რომელიც ძალიან კარგად არის ნაშენი უხეშად დამუშავებული ქვებისგან. ციხეს აქვს უძველესი კოშკი, რომელიც შესაძლოა იყოს რაღაც დანიშნულების ბერძნული კოშკი. ცოტა მოგვიანებით უნდა აშენებული იყო მაღალი უხეშად ნაშენი კედლები, რომელზეც მოწყობილია სათოფურები და რომელიც მთლიანობაში ქმნის ციხესიმაგრის გალავანს, რომელსაც კოშკი ორი მხრიდან კეტავს. ციხის ერთადერთი შესასვლელი კარიბჭე მიწიდან 15 ფუტის სიმაღლეზეა და იქ მოსახვედრად ერთადერთი საშუალება მოსახსნელი ხის კიბე გახლავთ.
.
იქვე არის აშენებული ოთხი პატარა სახლი, რომლთა მეპატრონემ გულუხვად გაგვიმასპინძლა.
.
საღამო გავატარე ციხესიმაგრის ახლოს სეირნობაში, რა დროსაც ვტკბებოდი იქიდან გადაშლილი თვალუწვდენელი შესანიშნავი ხედით. ლიხაური მახსენებს შატობრიანსა და ითომეს, რომელნიც მესენიის ხეობებს შორის მწვანე კალათასავითაა გადაშლილი.
.
ნაწილობრივ ეს იგივე ოზურგეთის ხედია, რომელიც უკვე აღვწერე, მაგრამ უფრო ფართო და უფრო დეტალური სახით, რადგანაც გადასახედი ადგილი უფრო დიდი სიმაღლეზეა. თუ კი შეგიძლიათ მობრძანდით აქ, ჩემთან ერთად მიეყრდენობით ქონგურებიან კედლებს და დატკბებით ამ ულამაზესი ლანდშაფტის უსასრულობით, მთელი გურია ჩვენს ფეხებთანაა. ტყეს ძნელი გასარჩევია ხეზე გაშენებული ვაზების და ხილის უზარმაზარი ბაღებისგან, რომელთა შორის მოკრძალებული სახლებია ჩაფლული.
.
ჩრდილოეთით დაბალი მთათა სისტემაა, რომელიც გურიას ფაზისის აუზისგან ჰყოფს, ხოლო მის ზემოთ – მთელი თეთრი კავკასიონის მთისწინეთი აფხაზეთიდან რაჭის მთებამდე. მწვერვალები, მათ შორის ყველაზე დაბალიც კი უკვე თოვლითაა დაფარული ბუნიობის წვიმების შემდეგ. თუმცა ამ მწვერვალებიდან მყინვარებს მხოლოდ ელბრუსი და სვანეთის ორი პირამიდა წარმოადგენს.
.
მაღალი მთების თოვლის საფარი კლდეებითაა გახვრეტილი მრავალ ადგილზე, აქედან გამომდინარე თეთრ თოვლზე შავი ზოლების სიმრავლიდან ადვილად შეიძლება დავასკვნათ, რომ კლდეები უმეტეს შემთხვევაში ფიქლისგან შედგება.
.
მზე დასავლეთით, კოლხეთის ზღვის უკან ჩადის და მანათობელ ბარიერს ქმნის. ვაკე ჩრდილშია ჩაფლული… ახლა ვხედავ, როგორ ვარდისფრად ღებავს მოციმციმე შუქი კავკასიონის თოვლიან მწვერვალებს, ვუყურებ, როგორ თანდათანობით იწყებენ გაქრობას ქვედა ქედები, ბოლოს კი მხოლოდ კოლოსალური ელბრუსი აწევს თავის მანათობელ თავს უკვე ბურუსში გახვეულ მწვერვალებს ზემოთ. ოჰ, სამშობლოვ! რამდენჯერ მინახავს ჩვენი ტბის სანაპიროდან, ელბრუსივით როგორ ბრწყინავდა მონბლანი, როდესაც იუნგფრაუ, ალტესი და ფოლიერა ბურუსსა და სიჩუმეში იყვნენ ჩაფლულნი.
.
ლიხაურიდან მზის ამოსვლამდე უნდა გავედით და ჩვენს საგუშაგოზე დასაბრუნებლად. გარიჟრაჟის ნათელი შემოქმედის ზემოთ გურის მთებთან ახლა იწყებს შეხებას. მალე გიგანტი მწვერვალები ნათელი ფერებით იფარება, ისევე როგორც სვანეთის ორი პირამიდა. ნელ-ნელა ფებოსი რაჭის კაშკაშა, შორეულ მწვერვალებზე ჩამოსვლას ინებებს. სინათლე თითქოს ჯადოსნურად გადადის მწვერვალიდან მწვერვალზე, ხეობიდან ხეობაში და უკვე ჩრდილში გახვეული აფხაზეთის მწვერვალებიც ნათდება… საბოლოოდ, სინათლის ღმერთი ჩვენთან ჩამოსვლას ინებებს და მისი სხივები ნისლიანი ველის თხემლისა და ხურმის ხეების წვერებზე ინავარდებს.
.
ლიხაურის კლდე დაფარულია ბროწეულის ხეებით, ვაზით, ლეღვის ხეებითა და დაფნით, რომელსაც გრძელ ღეროებზე ამოსული შავი ნაყოფის მტევნები აქვს.
.
ციხეში ერთადერთი საინტერესო რამ, რაც ვიპოვე, გრძელი ბრინჯაოს ქვემეხი გახლდათ, რომელიც კოშკის თავზე ხის პლატფორმაზე იყო დამაგრებული. ო, საფრანგეთის მშვენიერო მიწავ, აქ ვიპოვე შენი ფლერ-დე-ლისი (fleurs-de-lis ფრანგული სამეფო ჰერალდიკური შროშანი) ასოებით MC. უბედური ლტოლვილი, რა ბედმა მოიყვანა იგი სენის ან ლუარის ნაპირებიდან აქ გურიის მმართველის ფეოდალური ციხესიმაგრის კოშკამდე?
.
კლდეში გამოკვეთილი საკმაოდ ღრმა ჭა ციხეს საჭირო წყლით ამარაგებს.
.
– ტექსტი – Dubois de Montperreux, Frédéric: Voyage autour du Caucase, chez les Tscherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée; Tome III. (1839);
– – ლიხაურის ციხე – Le tour du monde journal des voyages et des voyageurs. 1881, Semester 1 = Vol. 41 – 42 (გრავიურა შესრულებულია დ. ერმაკოვის 1877-1878 წლების ფოტოდან)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights