გურიის მოამბე

რამდენი უჯდებათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს შვილების განათლება კერძო სკოლებში

პრემიერ მინისტრის პოსტზე მყოფი ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტი 15 წევრით არის დაკომპლექტებული. მათგან სასკოლო ასაკის შვილი/შვილები 10-ს ჰყავს, მათგან კობახიძის კაბინეტის შვიდი წევრი, განათლების ხარჯებად ათასობით ლარს უთითებს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ შვილები კერძო სკოლებში დაჰყავთ. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

1. ყველაზე ბევრს შვილების განათლებაში ირაკლი კობახიძე ხარჯავს. 2025 წლის 30 მარტს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ორი შვილის განათლებაში გასულ წელს 38 347 ლარი დახარჯა;

2. 20 794 ლარი გადაიხადა გასულ წელს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფმა გელა გელაძემ შვილის სკოლაში;

3. ფინანსთა მინისტრის პოსტზე მყოფ ლაშა ხუციშვილს ორი შვილის განათლება 2024 წელს 14 040 ლარი დაუჯდა;

4. იმავე პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე მყოფმა დავით სონღულაშვილმა სამი შვილის სწავლაში 18 195 ლარი გადაიხადა;

5. ამ სიაში შვილის განათლება ყველაზე იაფი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფ მიხეილ სარჯველაძეს დაუჯდა – მან 2024 წელს 5025 ლარი გადაიხადა;

6. დეკლარაციაში შვილის განათლების ხარჯის შესახებ მონაცემები ჯერ შეტანილი არ აქვს ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მყოფ რევაზ სოხაძეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მან შვილი კერძო სკოლაში წელს გადაიყვანა;

7. დეკლარაციის შევსების დროს, 2024 წლის 27 დეკემბერს სპორტის მინისტრის პოსტზე მყოფ, შალვა გოგოლაძის უფროსი შვილები 16 და 17 წლის იყვნენ – მათ განათლებაში 15 000 ლარი 3 000 ლარი დაიხარჯა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის პოსტზე მყოფ პაატა სალიას შვილი წლების განმავლობაში დაჰყავდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში. მოზარდი ამ სკოლის მოსწავლე აღარ არის, თუმცა სად აგრძელებს სწავლას, უცნობია.

დეკლარაციაში შვილების განათლების ხარჯები მითითებული არ აქვთ განათლების მინისტრის პოსტზე მყოფ გივი მიქანაძეს. მას სამი შვილი ჰყავს, აქედან სასკოლო ასაკის მხოლოდ ერთია. დეკლარაციაში ინფორმაცია არ შეუტანია თავდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფ ირაკლი ჩიქოვანს.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ წარადგინა ზოგადი განათლების რეფორმა, რომელიც ძირითადად საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეეხება, ანუ ათიათასობით ბავშვსა და მათ მშობლებს.

ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილი რეფორმის მიხედვით:

• სასწავლო პროცესში აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება;
• პირველიდან მეექვსე კლასამდე ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება;
• 2026 წლიდან სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ;
• პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს შემოიღებენ წესს – საცხოვრებელთან ახლოს რეგისტრაცია;
• მე-12 კლასი სავალდებულო აღარ იქნება – კლასები შეიქმნება მოთხოვნის შემთხვევაში;
• მე-11 კლასის „პროფილურად“ გადაკეთება – მოსწავლე ისწავლის იმ საგნებს, რომლებსაც გამოცდაზე ჩააბარებს;
• სახელმძღვანელოებს სამინისტრო დაწერს – სტანდარტი იქნება: „ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights