გურიის მოამბე

“ღვიძელი” და “შობის ღამე” გურიაში

“ღვიძელი” და “შობის ღამე” გურიაში
.
გურიაში საშობაოდ აცხობენ ორ სარიტუალო პურს “მუცლის სალოცავს” და “ღვიძელს”, მუცლის სალოცავი არის პატარა და მრგვალი ფორმის ხაჭაპური, რომელშიც ერთი მთლიანი კვერცხი დევს, ხოლო “ღვიძელი” არის ნახევარრკალის ფორმის კვერცხიანი ხაჭაპური, რომელიც დღეს გურული ხაჭაპურის სახელითაა ცნობილი.
.
თუ კი მუცლის სალოცავს გარშემო შემოუწყობთ რამდენიმე ღვიძელს მივიღებთ მზის სიმბოლოს ბორჯღალს. იმ ვარაუდს, რომ ღვიძელის ფორმა შეიძლება იმეორებდეს ბორჯღალის სხივის ფორმას ამყარებს ამყარებს ის რომ ხახანაშვილის მიხედვით გურიასა და სამეგრელოში უძველესი მზის დღესასწაულის შესატყვისი დღე იყო ქრისტიანული შობა, ხოლო შემდეგში გადატანილი იქნა კალანდას – “გურიაში და სამეგრელოში ეს მზის დღესასწაული ქრისტეს შობის დღიდან გადატანილია საახლწლოდ, რომელსაც იქ უწოდებენ კალანდობას” (ხახანაშვილი) .
.
გურულებს სჯეროდათ შობის ღამეს პირველი ვარსკვლავის გამოჩენა ციდან დედამიწაზე ანგელოზის ჩამოსვლის მომასწავებელი იყო, სუფრასთანაც ზუსტად ამ დროს უნდა დასხდარიყვნენ – „უძველესი ტრადიციის მიხედვით სუფრასთან პირველ ვარსკვლავის გამოჩენასთან ერთად ჯდებიან, რადგანაც გურულების რწმენით ამ დროს ზეციდან ანგელოზი დედამიწაზე ჩამოდის და ღვთის შვილის დაბადებას აუწყებს ხალხს, ასევე ანგელოზს ზეციური საჩუქრები მოაქვს ღვთისნიერი ადამიანებისათვის“ (Кавказский).
.
– ალექსანდრე ხახანაშვილი – ქართულის სიტყვიერების ისტორია (1915);
– Кавказ 1901 г. № 342 Рождественская ночь (Гурійская сказка) – авт.: Кавказский

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights