გურიის მოამბე

ჯანი – როგორ აყენებდა იაკობ მარი ღვინოს

ჯანი – როგორ აყენებდა იაკობ მარი ღვინოს
.
ჯანი ან ჯანის ღვინო. წითელი ღვინო, რომელიც გამოირჩევა თავისი სიმაგრით, არომატით და სასიამოვნო მსუბუქი ბუკეტით. ადგილობრივი ასაკოვანი ხალხის თქმით, ეს ღვინო ყველა თვისებითა და ნიშნით ედრებოდა ოჯალეშს და თავისი ხარისხით არ ჩამოუვარდებოდა კახურს.
.
ჯანის ღვინოს აყენებდნენ მხოლოდ ჯანის ყურძნისაგან სოფლებში: ბუკის-ციხეში, იანეულში, ერკეთში და ასევე ამავე სოფლების მიმდებარე ადგილებში. ამ ღვინის ძირითად მწარმოებლები იყვნენ ადგილობრვი მემემულეები თავადი ერისთავები, აზნაურები შარაშიძეები და ჯაყელები.
.
გამომდინარე იქედან, რომ ჯანი ძლიერ დააზიანა სოკომ Oidium Tuckeri, ეს ღვინო ამჟამად ძალიან იშვიათად გვხვდება; ხსენებულ სოფლებში მხოლოდ რამდენიმე მემამულესთან შეიძლება იპოვოთ და ისიც ძალიან მცირე ოდენობით, ამასთანავე ჭურში კი არა არამედ ბოთლში.
.
ოდესღაც გურიასა და მთელს ქუთაისის გუბერნიაში ცნობილი „მარის ღვინოც“ მიეკუთვნებოდა ჯანის ჯიშს და მისი სახელწოდება წარმოიშვა ვენახების მესაკუთრის გვარისაგან, რომელიც ამ ღვინოს აყენებდა.
.
ამ საუკუნის ოციან წლებში სოფელ იანეულში, ბუკის-ციხესთან ახლოს დასახლდა ინგლისელი პრაქტიკოსი აგრონომი ი. მარი (პროფესორ მარის მამა), რომელმაც მთელს ქუთაისის გუბერნიაში ცნობილია თავისი ღვინის დაყენების გაუმჯობესებული მეთოდებით. ამ სოფელში თავისი საუკეთესო პირობებით მეღვინეობისათვის გამორჩეული მიწაა, რომელიც მარს საჩუქრად გადასცა გურიის უკანსკნელმა მთავარმა. მანამდე კი მარმა არაერთხელ წარუმატებლობა განიცადა მეღვინეობაში. მეზობლად მცხოვრები მოხუცების თქმით ბატონ მარს ჰქონდა მაღლარი ვენახი, სადაც ძირითადად გაშენებული ჰქონდა ჯანი, ასევე სხილათუბანი და მტევან-დიდი, მუშავდებოდა ეს მაღლარი ადგილობრივი წესით, დაბლარი კი მარს საერთოდ არ ჰქონდა.
.
ეს აგრონომი აყენებდა მხოლოდ წითელ ღვინოს ადგილობრივი წესებით, ზოგიერთი წესი კი უფრო გაუმჯობესებული ჰქონდა, რაც ძირითადად შეეხებოდა ყურძნის განსაკუთრებული წესით დახარისხებას, რა დროსაც მტევანის საღ ნაწილს სცილდებოდა დამპალი და გაფუჭებული მარცვლები; ამასთანავე მარი ცალცალკე კრეფდა ვენახის წვერში, შუაში და ქვემოთ მსხმოიარე ყურძენს.
.
საწნახელში ყურძნის დაჭნეხა და ჭაჭის დუღილი ამ აგრონომთან ისევე ხდებოდა, როგორც სხვა ადგილობრივ მეღვინეებთან; მხოლოდ ზოგჯერ საწნახელის თავი მჭიდროდ იხურებოდა და ასეთი მეთოდით დუღილი ხდებოდა დახურულ სათავსოში; დუღილის დასრულების შემდეგ ჭაჭა გადაჰქონდა ჭურში, რომელშიც წინასწარ გოგირდი ჰქონდა დახრჩოლებული. ჭურში ღვინო ჩერდებოდა ერთი წლის განმავლობაში, შემდეგში კი ღვინოს ბოთლებში ასხამდა, სადაც ინახავდა გამოყენებამდე და ასევე გზავნიდა გასაყიდად.
.
მოხუცების თქმით მარის ღვინო ძალიან მცირედით განსხვავდებოდა ადგილობრივი საუკეთესო ღვინისაგან, მიუხედავად ამისა იგი თავის ღვინოს ასაღებდა არამარტო ქუთაისის გუბერნიაში, არამედ რუსეთის ზღვისპირეთის ქალაქებშიც. საზღვარგარეთაც კი მან პირველმა გააცნო ევროპას კავკასიური ღვინოები. ოცდაათიანი წლების ბოლოს მარს სტუმრობდა ცნობილი მოგზაური დიუბუა დე მონპრე, რომელმაც გასინჯა მასთან ჯანისაგან დაყენებული წითელი ღვინო. მოგზაურმა კარგი შეფასება მისცა ღვინის სიმაგრეს, ბუკეტსა და სასიამოვნო მსუბუქ გემოს.
.
იმ დროისათვის მარი ამზადებდა დაახლოებით 300 საწყაო ღვინოს საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნით, ასევე იძენდა ღვინოს მეზობელი მევენახეებისაგანაც, მაგრამ არა ფულის გადახდით არამედ მანუფაქტურულ საქონელში გაცვლით. იმ დროს ფაბრიკული წარმოება გურიაში არ იყო და მარს ერთი არშინი მიტკალის ან ბიაზის სანაცვლოდ ერთ გოდორ ყურძენს აძლევდნენ.
.
– Кн. Е. К. Накашидзе (ერმილე ნაკაშიძე) – Очерк виноградство и винодѣлиія в Гуріи и Мингреліи „Сборникъ свѣдѣній по виноградарству и винодѣлиію на Кавказе“ IV 1896

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights