2025 წლის 17 დეკემბრის საღამოს, 35 წლის სანდრო მეგრელიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ ტროტუარზე იდგა.
ერთი თვის და 5 დღის შემდეგ, 2026 წლის 23 იანვარს, სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს იმის გამო, რომ 17 დეკემბერს ტროტუარზე იდგა.
„სანდრო მეგრელიშვილი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 4 დღის ვადით,“ – დაწერა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ 23 იანვრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში.
სანდრო მეგრელიშვილმა ტროტუარზე დგომის გამო 4 დღე გაატარა მცხეთის იზოლატორში. ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომლის წინააღმდეგაც სადავო არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული რეპრესიული კანონი გამოიყენა მოსამართლემ და პატიმრობა შეუფარდა.
სანდრომ იზოლატორი 27 იანვარს დატოვა. 28 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ სანდრო მეგრელიშვილის სააპელაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
რას ნიშნავს, როცა სახელმწიფო სისტემა უსამართლო კანონით დევნის მოქალაქეს – გთავაზობთ იზოლატორიდან გამოსული სანდრო მეგრელიშვილის კომენტარს:
“35 წლის ვარ. განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი. ვიყავი საჯარო მოხელე, 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროში. 2020 წლიდან, გადმოვინაცვლე სამოქალაქო სექტორში. სხვადასხვა თემაზე მიმუშავია ორგანიზაციების განვითარებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, დემოკრატიის და დემოკრატიზაციის პრობლემებზე.
რაც შეეხება უშუალოდ პროტესტს. შოტლანდიაში ვსწავლობდი, 2013 წელს დავბრუნდი და იქიდან მოყოლებული არაერთ აქციაზე ვყოფილვარ, მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა დემონსტრაციაში ჯერ კიდევ მაშინ, სანამ საჯარო მოხელე ვიყავი. მახსოვს 2014 წელი. აი, პირველად მაშინ გამოჩნდა რეალურად „ქართული ოცნების“, ყოველ შემთხვევაში ჩემი აღქმით, ავტორიტარული ტენდენცია. გახსოვთ ალბათ ე.წ. „კაბელების საქმე“. ხუთი ადამიანი, როგორც მერე გამოჩნდა, უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში.
აქედან მოყოლებული პერიოდულად სულ ვერთვებოდი აქციებში – 2023 წელს, როცა პირველი „რუსული კანონი“ შემოიტანეს. მერე არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი. 2024 წლის 28 ნოემბრიდან კი ყოველდღიურობა გახდა აქციებში მონაწილეობა.
შსს მედავებოდა, რომ 17 დეკემბერს სანდრო მეგრელიშვილი ამა და ამ წუთზე რუსთაველის ქუჩაზე აყოვნებდა თუ დაბრკოლებას უქმნიდა გამვლელებს. ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მთავარი ბრალდება. თუ არ მეშლება 21 დეკემბერს დამირეკეს შსს-დან.
26 დეკემბერს იყო პირველი სასამართლო პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესზე მოიტანა ნახევარსაათიანი ვიდეო. ამის საფუძველზე ჩემმა ადვოკატმა მოითხოვა გადადება. მოსამართლემაც, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადადო. ჩემი აღქმით, წინასწარ ჰქონდა ყველას მზაობა, რომ ის პროცესი უნდა გადაედოთ.
მეორე სასამართლო პროცესი გაიმართა 16 იანვარს, სადაც მეც მომეცა საბოლოო სიტყვის თქმის საშუალება. მესამე პროცესი გაიმართა 23 იანვარს.
ზუსტად მახსოვს, დილის 10:04 საათზე ჩაირთო ჩემი პატიმრობის დრო.
შსს-ს მთავარი არგუმენტი იყო, რომ ხელს ვუშლიდი გამვლელებს. ჰქონდათ ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ჩემი რუსთაველზე დგომის დროს გამვლელები მოდიან ქუჩაზე, პატარა მონაკვეთზე გადადიან ბასლაინზე და ასე უვლიან გვერდს ტროტუარზე მდგომ ხალხს.
კადრში ჩანს, რომ იქვე დგას პოლიცია, დგანან ჟურნალისტებიც.
ამ ვიდეო კადრებში ასევე ჩანდა და თავად შსს-ს წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ, რომ ტროტუარის ნახევარი, ზედა ნაწილი პარლამენტის მიმდებარე სივრცის, იყო ცარიელი და მოქალაქეთა ნაწილი ამ სივრცეში გადაადგილდებოდა.
ამით დასტურდებოდა, რომ რეალურად ტროტუარი არ იყო გადაკეტილი და გამვლელებს შეეძლოთ ტროტუარზე თავისუფლად გადაადგილება.
შსს-ს წარმომადგენელმა, კი ბატონო, არ იყო მთლიანად გადაკეტილი, მაგრამ რომ არ მდგარიყავითო ხომ გაივლიდნენო ჩვეულებრივ ტროტუარზეო.
ქართულმა ოცნებამ“ იმდენად შეგვაჩვია აბსურდულ გადაწყვეტილებებს, არაფერი გამკვირვებია.
სხდომამდე ერთი დღით ადრე, ტროტუარზე დგომის საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანეს ერთ-ერთ მოქალაქეს და დაუწერეს სიტყვიერი გაფრთხილება.
ამან გარკვეული მოლოდინი შექმნა, რომ არა, ალბათ პატიმრობაზე, ამ სიგიჟეზე არ წავლენ. მაგრამ „ქართული ოცნება“ სულ ავლენს თავს მოულოდნელობების ეფექტით.
ამიტომ არ გამკვირვებია. მორალურადაც მომზადებული ვიყავი.
არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს, როცა ოჯახის წევრები ნერვიულობენ, თუნდაც სულ რომ ოთხ დღეზე იყოს საუბარი. ნებისმიერი პატიმრობა ძალიან უსიამოვნოა და ემოციურად არ არის მარტივი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაცნაირად მომზადებული ვიყავი ამ გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ მთელი ერთი წლის თუ მეტის განმავლობაში, გამოცდასავით გავდივართ და სულ არის რაღაც ახალი სიგიჟე.
პირველად როცა ხდება ეს სიგიჟე, თავიდან რთულია, მაგრამ მერე ტვინში ხარშავ. ასე ვცდილობ მეც და მგონი სხვა მოქალაქეებიც, რომ ნელ-ნელა გადავაგოროთ, რაღაცნაირად მომზადებულები შევხვდეთ, დავძლიოთ ჩვენი ძალიან ადამიანური მომენტები… ეს შეიძლება ხანდახან იყოს შიში, მაგრამ ეს არის რეალობა, აი ეს არის მოცემულობა. კარგი ისაა, რომ ბევრი ადამიანია ჩემ გარშემო და ამ კარგი ადამიანების გამხნევება მეხმარება.
ჩვენ გადავიქეცით ისეთ ქვეყნად, სადაც ბატონყმური ურთიერთობაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ეს არ გამოვა, მათ შორის თავდადებული ადამიანების გამო. არ გამოვა პოლიტპატიმრების გამო, რომლებიც სინდისი და ნამუსი არიან ჩვენი საზოგადოების. ის ფაქტი, რომ ისინი ამდენი ხნის განმავლობაში არ გატყდნენ, აგრძელებენ თავისებურად ბრძოლას, ბევრზე მეტყველებს” – აცხადებს მეგრელიშვილი.








