გურიის მოამბე

საშა ობოლაძის მკვლელობა, „ძიმითის ბოინი“ და ივსიხი ხვინგიას დაქორწინება (მეორე ნაწილი)

ივსიხი ხვინგია -ლეგენდარული „ჯავნოსანი მატარებლის“ (რომლის აბსოლიტური უმრვლესობა გურულები იყვნენ) მეთაურის, ვალოდია გოგუაძის, პირველი  მოადგილე – სამწუხაროდ, ამ ლეგენდარულ ადამიანზე, დღეს საზოგადოებას ძალიან მწირი (თითქმის არაფერი) ინფორმაცია აქვს.

ჩვენ დღეს, ვაგრძელებთ, მოგონებების სერიის გამოქვეყნებას, სადაც, ივსიხი ხვინგიას ოჯახის წევრების მიერ შემონახულ ისტორიების ნაწილს შემოგთავაზებთ,

1921 წლის შემდეგ, ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის პირველივე დღიდან ცხოვრება გურიაში და კერძოდ ოზურგეთში გაუსაძლისი გახდა.

ბოლშევიკები თითქმის ყოველდღიურად კლავდნენ და ხვრეტდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რომლებსაც მათგან განსხვავებული აზრი ქონდათ.

განსაკუთრებით მძიმე იყო იმ ადამიანთა ხვედრი, რომლებსაც დაუფარავი კავშირი ქონდათ მენშევიკურ ხელისუფლებასთან, ანუ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობასთან.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო სოფლებში, სადაც, გურიისათვის დამახასიათებელი მიტინგების დროს, რომელიც გურულისათვის ხშირ შემთხვევაში აუცილებელ და საჭირო საქმედ მიიჩნეოდა, მიდიოდნენ ბოლშევიკები და შეკრებილ ხალხში ბომბებს ისროდნენ.

სულ უფრო ძლიერდებოდა წინააღმდეგობის მოძრაობა.

ამის გამო რეჟიმი სულ უფრო და უფრო ბევრ ადამიანს აპატიმრებდა. დაპატიმრებულებს ბოლშევიკების შეიარაღებული რაზმები მიერეკებოდნენ სოფელ ძიმითში, და ადგილზე ხვრეტდნენ.

ხალხმა ამ ადგილს „ძიმითის ბოინი“ უწოდა – სადაც ასეულობით ოზურგეთელი დახვრიტეს ბოლშევიკებმა.

მოვლენებს წინ რომ გავუსწროთ, რაოდენ არადამიანურადაც არ უნდა ჟღერდეს, უნდა ავღნიშნოთ, რომ მოგვიანებით ამ ადგილზე კომუნისტებმა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორების სასაკლაო და ხორცკომბინატი გახსნეს, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლომდე ფუნქციონირებდა.

ამ არაადამიანურ წამებებსა და დახვრეტებს ოზურგეთში მოქმედი დამსჯელი რაზმი ახორციელებდა, ამ დამსჯელ რაზმს კი საშა ობოლაძე ხელმძღვანელობდა. რომელიც 1922 წელს დანიშნული იყო ოზურგეთის მაზრაში ანტისაბჭოთა გამოსვლების ჩასახშობად,

თავის დროზე, ოზურგეთში განათლება მიღებული ობოლაძე, გურიაში  მოქმედებდა 1900 იანი წლების მიწურულს, სადაც მისი თანამებრძოლები იყვნენ დათიკო შევარდნაძეკიკია მამულაიშვილი, სამსონ მდინარაძე, თეოფილე მუხაშავრია.

ივსიხი ხვინგიას ოჯახის მოგონებებიდან:

“წინააღმდეგობის მოძრაობამ, რომელიც ობოლაძეზე თვალთვალს ახორციელებდა, გაარკვია, რომ ის ხშირად დადიოდა სოფელ ლიხაურში, სადაც მას საყვარელი ყავდა, 1923 წელს, სოფელ ლიხაურიდან, მის საყვარელთან ერთად ეტლით მომავალ ობოლაძეს  კვაჭალათში (სოფელი ოზურგეთ ლიხაურის გზაზე),  თავს დაესხა 8 კაციანი შეიარაღებული რაზმი, გოგია ღლონტი, ივსიხი ხვინგია, ძმები სალუქვაძეები ლიხაურიდან, (სამწუხაროდ სხვა ოთხი მეომრის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს) ბომბით ადგილზე მოკლეს საშა ობოლაძე მის საყვარელთან ერთად,

თავდამსხმელები, გაიქცნენ აჭის წყლის მიმართულებით, გოგიეთისაკენ.

ივსიხი ხვინგიას მომავალი მეუღლე, ლიხაურელი თამარ გობრონიძე იხსენებს: „სახლიდან გამოვედი, ვიმყოფებოდი ჭასთან, წყალს ვიღებდი, აფეთქების ხმა გავიგონე, იყო სროლებიც, გავჩერდი ჭასთან, უცებ ცხენების ფეხის ხმა გავიგონე, გზაზე რვა მეომარი გამოჩნდა, მირბოდნენ ზევით,  ერთმა დამიძახა, ისე რომ არც შეჩერებულა, „შედი ქალო სახლშიო“, მაშინ 16 წლის ვიყავი, როგორც შემდეგ გავიგე ეს ჩემი მომავალი მეუღლე-ივსიხი ხვინგია ყოფილა, მეორე ცხენოსანმა შემომძახა, „თამარა უჩემოდ არ გათხოვდე იცოდეო“- ეს მეორე მაშინვე ვიცანი, ნათლიაჩემი იყო ლიხაურიდან, სალუქვაძე, ეტყობა იცოდა ივსიხის ზრახვების შესახებ და იმიტომ დამიძახა. როცა ამათმა ჩაირბინეს, ისევ ხმები ისმოდა, მივხვდი, რომ მდევარი მოსდევდათ და სასწრაფოდ სახლში შევიმალე, მოგვიანებით, გავიგეთ, რომ ლიხაურიდან გოგიეთში, მდინარე აჭზე გადასვლისას, მდევარი დასწევიათ ბიჭებს და ორთავე ძმები სალუქვაძეები მოუკლავთ, იმათაც მოუკლავთ მდევრებიდან რამდენიმე, დიდი ბრძოლა ყოფილა, საბოლოოდ 6 მეომარს შეუსწრია გოგიეთის ტყეში.

გოგია ღლონტს უთქვამს, მე ოზურგეთში აღარ დამედგომება-ყველამ მიცნო და თურქეთში უნდა წავიდეო, გოგიას ერთი თან გაყვა, მეომრებმა გადააცილეს აჭიდან თურქეთის საზღვრამდე. დანარჩენი ოთხი კი დაბრუნდნენ სახლებში იმ ღამესვე.

არ გასულა ხანი და ჩემს სახლს ივსიხი მოადგა, მამაჩემს ჩემი ხელი სთხოვა, ოცი წლით იყო ჩემზე უფროსი, მამაჩემი წინააღმდეგი წავიდა, „მე ფირალს ქალს ვერ გავატანო“, მარა მე არ ვქენი და წამოვყევი“ – იხსენებს გოჩა ხვინგია, ბებიის, თამარ გობრონიძის მონაყოლს.

ობოლაძის მკვლელობაზე ხალხში მეორე დღიდან ლექსი გავრცელდა:

“1923 ში მე გამოვთქვი აგი ლექსი,

ობოლაძეს უღალატეს, ამუარდა მისი ფესვი.

ბოინზე ხალხს მირეკავდნენ, ჩუმათ მისტიროდნენ გზაზე,

ჯალათ საშა ობოლაძეს თავი უკვდავი ეგონა,

ოზურგეთში ჩამოვიდა გაიმარჯვებდა ეგონა;

იგი მასზე ახი იყო ბომბით რომ გაშალენ შუაზე:

ეს ლექსიც, თამარ გობრონიძის მოგონებებიდან შემორჩა;

ერთი საინტერესო დეტალია ასევე თამარ გობრონიძის მოგონებებიდან:

„ოზურგეთში სულ უფრო და უფრო იზრდებიდა სიძულვილი ბოლშევიკების მისამართით, განსაკუთრებით 1924 წლის აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ, ოზურგეთში აჯანყება სისხლში ახალქალაქისა და ახალციხის მილიციამ ჩაახშო, უამრავი ადამიანიც დახვრიტა, თავისთავად სიძულვილი იზრდებოდა ოზურგეთელი ფილიპე მახარაძის მიმართაც, რომელიც ბოლშევიკური ხელისუფლების სახე იყო საქართველოში. რასაც თურმე ფილიპე ძალიან განიცდიდა და გადაწყვიტა მიეღო ზომები მისი შებღალული ავტორიტეტის ასამაღლებლად. 1930 იანი წლებია და უცებ ოზურგეთის სხვადასხვა სოფლებიდან რამდენიმე ასეულ ადამიანს მოუყარეს თავი ჩეკისტებმა და გაუყენეს ფეხით გზას „ძიმითის ბოინისაკენ“ – ამ ხალხის დასახვრეტად,

საინტერესო აქედან ისიც იყო, რომ ყველა ესენი ბოლშევიკების მხარდამჭერები იყვნენ და ძალიან გაკვირვებულები და დაბნეულები ჩანდნენ. ნასაკირალის პერევალზე, როცა დასახვრეტ ადგილზე მისვლამდე რამდენიმე ასეული მეტრიღა იყო დარჩენილი, ფეხით მიმავალ დასახვრეტად განწირულ ხალხს, რომელსაც ჩეკისტები ნახირივით მიდენიდნენ, უცებ მანქანით ოზურგეთისაკენ მომავალი ფილიპე მახარაძე შემოხვდათ, ფილიპე მახარაძე ყველამ იცნო და მიცვივდნენ შეძახილებით! „გვიშველე ფილიპე!“ „ფილიპე გადაგვარჩინე“, გააჩერა თურმე მანქანა ფილიპემ, გადმოხტა მანქანიდან და შესძახა „ეს რა უსამართლობა ხდებაო“, მოიხმო ეს სამასამდე დასახვრეტად განწირული ადამიანი და უთხრა, ახლა გავცემ ბრძანებას და ყველას გაგანთავისუფლებენ, ოღონდ თქვენ თქვენს სოფლებში ყველას გააგებინეთ, რომ ბოლშევიკები სამართლიანი ხალხია და ამ უსამართლობის უკან რაც ხდებოდა ჩვენ არ ვდგავართო“ ასე იქმნებოდა მითები ფილიპე მახარაძის სამართლიანობაზე“.

გაგრძელება იქნება

ოზურგეთელი მეომრის ტრაგიკული ისტორია – რისთვის აპატიმრებდნენ პატრიოტებს 1937 წელს (პირველი ნაწილი)

ივსიხი ხვინგია -ლეგენდარული „ჯავნოსანი მატარებლის“ (რომლის აბსოლიტური უმრვლესობა გურულები იყვნენ) მეთაურის, ვალოდია გოგუაძის, პირველი  მოადგილე – სამწუხაროდ, ამ ლეგენდარულ ადამიანზე, დღეს საზოგადოებას ძალიან მწირი (თითქმის არაფერი) ინფორმაცია აქვს.

ჩვენ დღეს, დავიწყებთ, მოგონებების სერიის გამოქვეყნებას, სადაც, ივსიხი ხვინგიას ოჯახის წევრების მიერ შემონახულ ისტორიების ნაწილს შემოგთავაზებთ.

დღეს „გურიის მოამბეს“ სტუმარია-გოჩა ხვინგია, ლეგენდარული „ჯავნოსანი მატარებლის“ მეთაურის, ვალოდია გოგუაძის, პირველი  მოადგილის, ივსიხი ხვინგიას შვილიშვილი;

აღსანიშნავია, რომ, ივსიხი ხვინგიას შვილიშვილი, გოჩა ხვინგია, იბრძოდა ქვეყნის პირველი კანონიერი პრეზიდენტის, დევნილობაში მყოფი ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულ რაზმში-აფხაზეთში და ზვიდ გამსახურდიას გვერდში იდგა ბოლო წუთებამდე.

ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში, 1887 წელს დაბადებული, ივსიხი ხვინგია, 1917 – 21 წლებში, ხელმძღვანელობდა რა, ვალოდია გოგუაძესთნ ერთად, „ჯავნოსან მატარებელს“, ყველა მის აქტივობაში, ბრძოლებში ღებულობდა მონაწილეობას, დაწყებული განჯაში შესვლიდან, გაგრძელებული ჩოლოქის ისტორიული ბრძოლით და დასრულებული 1921 წელს ბათუმის ბრძოლებით.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე, იყო მეფის რუსეთის კვალერიის მაიორი, მსახურობდა ბათუმში დისლოცირებულ, კავალერიის შეიარაღებულ ნაწილში.

ოდნავ მოგვიანებით მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში.

პირველად ბოლშევიკებმა 1929 წელს დააკავეს – ბრალი იყო სახელმწიფო ქონების დაზიანება.

როგორც გოჩა გვიყვება, მან გადმოცემით ასე იცის, რომ 1924 წლის აჯნყების დროს, ივსიხი ხვინგია, მის რაზმთან ერთად, მას შემდეგ რაც გურიაში მოაგვარა სიტუაცია, ჯავნოსანი მატარებლით მიემგზავრებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან შესაერთებლად, ამ დროს ხაშურში ბოლშევიკებმა აყარეს ლიანდაგი, „ჯავნოსანი“ კი მოაქციეს ალყაში,  ივსიხი ხვინგიამ, ალყას თავი რაზმთან ერთად ბრძოლებით გააღწია, თუმცა „ჯავნოსანი“ რომ ბოლშევიკებს ხელში არ ჩავარდნოდათ, იძულებული გახდა, ის დაეწვა.

(სამწუხაროდ დღემდე უცნობია, სად იმყოფებოდა „ჯავშნოსანი მატარებელი“ 1921 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან, 1924 წლამდე)

სწორედ ამის გამო ბოლშევიკების წაყენებული ბრალი იყო სახელმწიფო ქონების დაზიანება.

მიესაჯა 10 წელი და სასჯელის მოსახდელად გადაიყვანეს რუსეთში.

მან რუსეთიდნ გამოქცევა მოახერხა, თუმცა 1932 წელს ისევ დაიჭირეს.

ისევ 10 წელი მიუსაჯეს, ისევ რუსეთში გადაასახლეს, თუმცა ისევ მოახერხა გამოქცევა.

მესამედ ბოლშევიკებმა 1936 წელს დაიჭირეს და ულან უდეში გადაასახლეს.

გოჩა ხვინგია:“ბებიაჩემის, ივსიხის მეუღლის, თამარის (გობრონიძის ქალი იყო, სოფელ ლიხაურიდან) მონაყოლიდან ვიცი ასეთი ისტორია. ბებიაჩემმა. 1936 წელს, გადაწყვიტა მისულიყო ჩვენს მეზობელთან, ფილიპე მახარაძესთან თბილისში, დასახმარებლად, ფილიპე სოფელ შემოქმედიდან იყო. „თამარ რაზე ნერვიულობ, ორჯერ გამოიქცა და შესაძლოა ახლაც ჩაგასწროს სახლში და იქ დგვხვდეს კიდეცო“ ასე დაუცინია ფილიპე მახარაძეს, ბებიაჩემი, სახლში მოსვლისს ბებიაჩემს დახვდა დეპეშა, რომ ივსიხი ხვინგიას მიესაჯა 20 წელი და სასჯელის მოსახდელად გადაყვანილია ულან უდეში. 1937 წელს სოფელში მოვიდა წერილი ულან უდედან, წერდა დვაბზუელი ბაბუას თანამებრძოლი, გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს, წერდა, რომ კიდევ ერთი შემოქმედელი, გვარად ჭანუყვაძე ციხეში გარდაიცვალა და ივსიხი გადაიყვანეს სხვა საკანში. წერილში ნახსენები იყო თანასაკნელის სახელი და გვარი. თუმცა თამარმა დაადგინა, რომ, თანასაკნელიც გარდაცვლილი იყო და ივარაუდო, რომ ივსიხიც, შესაძლოა დაეხვრიტათ უკვე..

ამ დეპეშიდან ერთ კვირაში, სახლში, ჩვენთან შემოქმედში მოსულა ფილიპე მახარაძე და ბებიაჩემს ეუბნება:“თამარ ხელში მაქვს შენი და შენი შვილების რუსეთში გადასახლების შესახებ განკარგულება, აჩვენებს ამ განკრგულებას, (ივსიხის სამი შვილი ყავდა, ორი ვაჟი, გურგენი და გივი და ერთი ქალიშვილი – ლილი) – თუ გინდა რუსეთში შვილებთან ერთად გადასახლებას გადაგარჩინო, კომუნისტურ პარტიაში უნდა შეხვიდეო. რაღა ექნა ბებიაჩემს, შვილების გადასარჩენად 1937 წელს შევიდა კომუნისტურ პარტიაში.“

სურათზე; ივსიხი ხვინგია, რაზმთან ერთად, ცენტრში, ვალოდია გოგუაძის გვერდით, თავზე ბოხოხით;

გაგრძელება იქნება;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights