გურიის მოამბე

ტარიელ ცერცვაძე:”დასავლეთ საქართველოში, მწყერზე ნადირობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება”

“თუ ეს კანონი ამ სახით შევა ძალაში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, მწყერზე ნადირობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება”
წერს ფეისბუკ მომხმარებელი, ტარიელ ცერცვაძე;
გთავაზობთ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სრულად:
“მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია ახალი კანონპროექტის შესახებ, რომელიც ეხება ნადირობას, და ძირეულად ცვლის ადრე მოქმედ ტრადიციულ ნადირობის წესებს. თუ ეს კანონი ამ სახით შევა ძალაში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, მწყერზე ნადირობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
აი, მთავარი მიზეზები, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ
1. ნადირობის არეალის მკაცრი შეზღუდვა
კანონის მიხედვით, ნადირობა დაშვებული იქნება მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ „სამონადირეო სავარგულებში“. თუ ტერიტორიას არ აქვს ეს სტატუსი, იქ თოფის გასროლა ბრაკონიერობად ჩაითვლება, მაშინაც კი, თუ ყველა საბუთი წესრიგში გაქვთ.
2. „საზოგადოებრივი სავარგულის“ შექმნის პრობლემა გურიასა და დასავლეთში
კანონი ითვალისწინებს „საზოგადოებრივი სავარგულების“ შექმნას გადამფრენ ფრინველებზე სანადიროდ, თუმცა ასეთი სავარგული შეიძლება მოეწყოს მხოლოდ სახელმწიფო მიწაზე.
დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიული სპეციფიკიდან გამომდინარე, სახნავ-სათესი მიწების, სიმინდის ნათესებისა და მინდვრების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც მწყეზე ნადირობაა შესაძლებელი, კერძო საკუთრებაშია.
სახელმწიფო საკუთრებაში სახნავ-სათესი მასივები პრაქტიკულად აღარ არსებობს. შესაბამისად, სახელმწიფოს ფიზიკურად არ დარჩა ადგილი, სადაც მწყრისთვის გამოსადეგ სავარგულს დაარეგისტრირებს.
3. საკუთარ მიწაზე ნადირობის აკრძალვა
ყველაზე აბსურდული ის არის, რომ მაშინაც კი, თუ საკუთარ ყანაში ან მეზობლის ნაკვეთში ნადირობთ (მისი თანხმობით), თქვენ მაინც კანონდამრღვევად ჩაითვლებით, თუ ეს ნაკვეთი ოფიციალურ „სავარგულთა რეესტრში“ არ არის შეყვანილი. კერძო საკუთრება ავტომატურად ნადირობის უფლებას აღარ იძლევა.
4. გადასახადის 14-ჯერადი ზრდა
გადამფრენ ფრინველზე ნადირობის მოსაკრებელი 10 ლარიდან 140 ლარამდე იზრდება. გამოდის, რომ მონადირე იხდის ბევრად მეტს, მაგრამ სანაცვლოდ ვერ იღებს სანადირო სივრცეს, რადგან ჩვენს რეგიონში სახელმწიფო მიწების დეფიციტია.
ეს კანონი არ ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოს რეალობას. ჩვენ გვიწესებე მაღალ გადასახადებს და ბიუროკრატიულ ბარიერებს, მაგრამ გვიკეტავენ იმ მინდვრებს, სადაც მამაპაპისეულად ვნადირობდით. ამ კანონ-პროექტის მიხედვით, მწყერზე ნადირობის სეზონი ჩვენთვის უბრალოდ გაუქმდება” – ტარიელ ცერცვაძე-სოციალური ქსელი.

იხილეთ პროექტი-საქართველოს კანონი ნადირობის შესახებ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights