სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
“გურიის მოამბე” აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ოზურგეთის მერიაში ჩატარებული შემოწმების შედეგად, გამოქვეყნებული, ოფიციალური ანგარიშის ბეჭდვას – ამჯერად გთავაზობთ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სახლების გადახურვის პროცესის შეფასებას აუდიტის მიერ ვრცლად;
მუნიციპალიტეტმა 2022-2024 წლებში ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა 3,921.4 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალა. მასალა განკუთვნილი იყო სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის გადასაცემად. კერძოდ, 2022-2024 წლებში აღნიშნული მასალები
გადაეცა, ჯამში − 979 მოსახლეს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა საკუთარი ფინანსური და ფიზიკური რესურსით. აუდიტის ჯგუფმა შერჩევით დაათვალიერა ოჯახები, რომლებზეც გადაცემული იყო სამშენებლო მასალები. გამოვლინდა, რომ ხშირ შემთხვევაში მასალები არის დასაწყობებული და გამოუყენებელი. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული დათვალიერების და მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული 979-დან 452 ოჯახს არ გამოუყენებია 1,755.8 ათასი ლარის ღირებულების მასალა.
დასკვნა
მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისთვის გადაცემული 3,921.4 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო მასალიდან ბენეფიციარების მიერ გამოყენებულია 2,165.6 ათასი ლარის ღირებულების (55.2%) მასალა. დახმარების მიმღები მოსახლეობის დარჩენილ ნაწილს სამშენებლო მასალები დასაწყობებული აქვთ
რეკომენდაცია
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოების დასრულების მიზნით, მერიამ შეიმუშაოს პროცედურები და დანერგოს კონტროლის სათანადო მექანიზმები, რითაც შესაძლებელი იქნება სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. მერიამ შეისწავლოს დასაწყობებული სამშენებლო მასალების მდგომარეობა და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები მათი შემდგომი გამოყენების უზრუნველსაყოფად








