სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
“გურიის მოამბე” ასრულებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ოზურგეთის მერიაში ჩატარებული შემოწმების შედეგად, გამოქვეყნებული, ოფიციალური ანგარიშის ბეჭდვას – ამჯერად გთავაზობთ აუდიტის დასკვნის დასკვნით ნაწილს;
2022-2024 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროცესი ხასიათდებოდა შემდეგი ნაკლოვანებებით:
მუნიციპალიტეტის 2022-2024 წლების ბიუჯეტის პროექტები, დამტკიცებული ბიუჯეტები და 2022-2023 წლების ბიუ
ჯეტის შესრულების ანგარიშები მოიცავდა პროგრამას – რეკრეაციული სივრცეების მოვლაპატრონობა და განვითარება (ორგანიზაციული კოდი 0302). მოცემული პროგრამით სულ შესამოწმებელ პერიოდში დაიგეგმა 592.0 ათასი ლარის ხარჯვა. აღნიშნული პროგრამა საერთოდ არ განხორციელებულა. ხაზინის ამონაწერის თანახმად, 0302 ორგანიზაციული კოდით შესამოწმებელ პერიოდში დაიხარჯა 5,278.1 ათასი ლარი, რომელიც მიმართულია ა(ა)იპ – მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის დასაფინანსებლად;
2023 წელს ხარჯების შესრულებამ 109.2% შეადგინა. მუნიციპალიტეტმა გეგმის ზევით დახარჯა 3,214.7 ათასი ლარი. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მერიამ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ნაცვლად ხარჯებისა, დაგეგმა არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით;
საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შედგენილი საბიუჯეტო განაცხადები არ მოიცავდა ინფორმაციას გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის ა(ა)იპ-ების მიერ ნებისმიერი წყაროდან მიღებული შემოსულობების, ამ წყაროდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;
მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლის ბიუჯეტების წლიური შესრულების ანგარიშების თანახმად, ზოგიერთი პროგრამის შესრულების მაჩვენებელი 44%-დან 69%-მდე მერყეობს (იხ. დანართი №6). მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში არ არის ასახული განმარტება პროგრამების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
დასკვნა
მუნიციპალიტეტის 2022-2024 წლების ბიუჯეტის პროექტები, დამტკიცებული ბიუჯეტები და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები არ მოიცავს საბიუჯეტო
კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციებსა და განმარტებებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წელს ჩაატარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის ობიექტმა გაატარა ღონისძიებები და წარმოადგინა ინფორმაცია წინა აუდიტის ანგარიშში ასახული ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორების შესახებ. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა არ განახორციელა სათანადო რეაგირება და განმეორებით დაუშვა ზოგიერთი დარღვევა, რომელიც აღწერილია აუდიტის ანგარიშში, კერძოდ:
მუნიციპალიტეტს წლის ბოლოს რჩება არსებითი მოცულობის ნაშთი, მათ შორის თავისუფალი ნაშთი;
ინფრასტრუქტურული პროექტები დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს საგარანტიო პერიოდში მიმწოდებლებისათვის ხარვეზების გამოსასწორებლად არ მიუმართავს;
მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდება ისეთი წყალი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს;
მუნიციპალური ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები;
მუნიციპალიტეტში კვლავ არ არის მიღებული წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ, ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალებების საწვავისა და მოვლა-შენახვისთვის გამოყოფილი თანხები იხარჯება არარაციონალურად;
მუნიციპალიტეტმა საკრებულოს არათანამდებობის პირების ხარჯები აანაზღაურა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ და სხვ.
მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის ობიექტმა დაგეგმოს და განახორციელოს საჭირო ქმედებები აუდიტის ანგარიშებში ასახული დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის და მომავალში არ დაუშვას მათი განმეორება. აღნიშნული აუცილებელია საჯარო დაწესებულების ინტერესების დაცულობისა და
საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვისათვის. ფაქტობრივი გარემოება: მუნიციპალიტეტის და მისი დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ წარმოებული სასამართლო დავები უარყოფითი შედეგით დასრულდა 3 შემთხვევაში, კერძოდ: 2022-2023 წლებში მერიამ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე აანაზღაურა სამსახურიდან განთავისუფლებული პირების იძულებით განაცდურთან დაკავშირებული ხარჯები, სულ − 101.3 ათასი ლარი;
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, თანხით – 4.6 ათასი ლარი.








