გურიის მოამბე

ბახმაროში ხელისუფლება 15 სექტემბრიდან სავაჭრო ობიექტების დემონტაჟს იწყებს

კურორტ ბახმაროში, ჩოხატაურის მერია, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან, ყველა იმ სავაჭრო ობიექტის დემონტაჟს იწყებს, რომლის დოკუმენტაციაც, ჩოხატაურის მერიაში წარმოდგენილი არ არის.

ამის შესახებ იმ წერილშია ნათქვამი, რომელიც, ჩოხატაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახობაძემ, ნახმაროში მოქმედ მცირე მეწარმეებს დაურიგა;

ბახმაროში მოქმედი მცირე მეწარმეები აცხადებენ, რომ მიუხედავად დოკუმენტაციის არსებობისა, გაფრთხილება და ობიექტის სავარაუდო დემონტაჟზე მუქარა, ხელისუფლებიდან, თითქმის ყველამ მიიღო.

ბახმაროში აცხადებენ, რომ ამ ობიექტების უმრავლესობა, პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძეს, ან მასთან დაახლოებულ ხალხს ეკუთვნის და ვის დასჯას და როგორ აპირებს მერია, მათთვის გაუგებარია;

საქმის არსში უკეთ გარკვევის მიზნით, გთავაზობთ, ჩოხატაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეწარმეებისათვის გაგზავნილი გაფრთხილების სრულ ტექსტს;

“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თქვენს მიერ განთავსებულია ჯიხური/მცირე სავაჭრო იბიექტი, რომლის აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებისა და სარგებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი არ არის.

მოიტორინგის შედეგად დადგენილი გარემოებებისა და მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, ობიექტის განთავსებისა და მის მიერ დაკავებული ტერიტორიის სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი ვერ იქნა დადასტურებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტის განთავსება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე წარმოადგენს ტერიტორიის უნებართვო დაკავებას/სარგებლობას, რაც ქმნის ტერიტორიის განთავისუფლებისა და მასზე განთავსებული ობიექტის დემონტაჟის აუცილებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაუგვიანეს 2026 წლის 15 სექტემბრისა, გეკისრებათ ვალდებულება:

ა) სრულად გაანთავისუფლოთ თქვენს მიერ დაკავებული ტერიტორია,

ბ) განახორციელოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ჯიხურის/მცირე სავაჭრო ობიექტის სრული დემონტაჟი და მისი ტერიტორიიდან გატანა.

გ) დემონტაჟის შემდგომ უზრუნველყოთ ტერიტორიის დასუფთავება, და სათანადო მდგომარეობაში მოყვანა.

ამასთან, გაცნობებთ, რომ მითითებულ ვადაში ტერიტორიის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და ობიექტის  დემონტაჟის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები, მათ შორის განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ტერიტორიის გათავისუფლებისა და უნებართვოდ განთავსებული ობიექტის დემონტაჟის უზრუნველსაყოფად”;

წერილს, ხელს, ჩოხატაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ირაკლი ახობაძე აწერს;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights