აუდიტი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ფულს უხდის ანსამბლს, რომელსაც წევრები არ ჰყავს

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს შრომითი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ანსამბლთან, რომელსაც წევრები არ ჰყავს.

კერძოდ, სახელწიფო აუდიტის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში გამოაქვეყნა.

საუბარია მომღერალთა ანსამბლ აისელებზე და ხელშეკრულება გაფორმებულია ანსამბლის ხელმძღვანელთან.

ანგარიშის თანახმად, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისთვის არ არიან მიღებული (სასწავლო წლის დასრულებიდან გასულია, დაახლოებით, 19 თვე).

“მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები − ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს, ასევე მათი საქმიანობა რამდენად შეესაბამება ყოველდღიურ დატვირთვას. ამასთანავე, საშტატო ერთეულების დატვირთვის გაანალიზებისას განხილულია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. გამომდინარე აღნიშნულიდან, სპორტის და კულტურის წრეებში არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. შედეგად, ვერ მოხერხდა საშტატო ერთეულების ყოველდღიური დატვირთვის სრულად შესწავლა, თუმცა მიღებული შედეგის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ სხვა საშტატო ერთეულებსაც არ გააჩნდეთ ყოველდღიური დატვირთვა”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტმა ასევე დაადგინა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს 2018-2019 წლებში მიღებული აქვს 1 052 700 ლარი. შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია – 441 900 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 42%-ს შეადგენს. 2019 წლის მდგომარეობით ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 127 თანამშრომელი (მათ შორის, 65 – შტატით და 62 – ხელშეკრულებით).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: