დანიელსონი საქართველოს მიმდინარე კვირას ისევ ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება.

როგორც თავად შარლ მიშელი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას გააგრძელებს.

“საქართველოს მოქალაქეებისთვის საჭირო კომპრომისების დროა”, – წერს შარლ მიშელი.

ინფორმაციას დანიელსონის ვიზიტის შესახებ ევროპული საბჭოს პრესსპიკერიც ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, შარლ მიშელსა და კრისტიან დანიელსონს შორის საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართა და დანიელსონი საქართველოს მიმდინარე კვირას ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენელი, ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. მას საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვა, თუმცა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა. როგორც მაშინ დანიელსონი ამბობდა, ეს განპირობებული იყო იმით, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მომხდარიყო.

ბოლო შეხვედრა მხარეემს შორის დანიელსონის მედიაციით, 19 მარტს შედგა, თუმცა 9-საათი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share