ზუსტად 30 წლის წინ საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების 90-მა პროცენტმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. თითქმის 99%-მა პროცენტმა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა, რის საფუძველზეც მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს არსებობა ოფიციალურად დასრულდა და საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. ეს ყველაფერი თითქოს ერთ დღეში მოხდა, თუმცა რეალურად 3 ათწლეულის შემდეგაც კი პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საბჭოთა საქართველო ისევ ცხოვრობს ჩვენში, ხშირად გვახსენებს თავს და ხელს უშლის ჩვენი სამშობლოს ცივილიზებულ, დემოკრატიულ და დასავლური ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.
ვერც გუშინ გავამართლეთ დასავლეთის იმედები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეც-წარმომადგენლის მეორე მისიაც სამწუხაროდ კრახით დასრულდა. ოცნების უკიდურესად ხისტი პოზიციის გამო დანიელსონის შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი ვერანაირი ფორმით მოხვდა, პოლიტპატიმრების პრობლემის გადაწყვეტას კი სიცხადე დააკლდა. მართლმსაჯულების, საარჩევნო თუ ძალაუფლების გადანაწილების საკითხებზე მხარეები თითქმის შეთანხმდნენ, თუმცა, ამან საქმეს ვერ უშველა და მოლაპარაკება ჩაიშალა. რაც, ბუნებრივია ბრიუსელის იმედგაცრუებას გამოიწვევს, თუმცა ამ იმედგაცურებასთან ერთად დასავლეთში ბოლომდე გაიაზრებენ, რომ ეს ღრმა კრიზისი, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს დგას, კოსმეტიკური მანიპულაციით, ანუ ოპოზიციის პარლამენტში შეყვანით ვერ მოგვარდება.
იმის მოლოდინი, რომ მოლაპარაკებებში ევროპის ჩართულობა გარღვევას მოახდენდა და რიგგარეშე არჩევნებამდე მიგვიყვანდა, საკმაოდ დაბალი იყო. დიდი ალბათობით, არც ივანიშვილს და არც ოპოზიციის ლიდერებს ბრიუსელის ისე არ ეშინიათ და ერიდებათ, როგორც ვაშინგტონის. ამიტომ არც ერთ მხარეს მოლაპარაკების ჩაშლის თავიდან ასაცილებლად დათმობაზე წასვლა არ უღირდა. მთავარია ეს “ჩაშლა” მათ არ დაბრალებოდათ, იმისთვის, რომ დიალოგის შემდეგ ეტაპს, რომელშიც ვაშინგტონი, სავარაუდოდ, უფრო აქტიურად ჩაერთვება, დასუსტებული პოზიციებით არ შეხვედროდნენ.
ოპოზიციამ მორიგ ჯერზე ურთულესი გამოცდა ჩააბარა. ძალიან სერიოზული ზეწოლის პირობებში მან სიმტკიცე, ერთიანობა, პრინციპულობა და რაც მთავარია სახე შეინარჩუნა. რითაც დასავლეთსაც და საკუთარ ამომრჩეველსაც მიანიშნა, რომ მიუხედავად კომპრომისისთვის მზადყოფნისა, ოპოზიცია პრობლემის მოჩვენებით გადაჭრას და კოსმეტიკურ ცვლილებებს არ დათანხმდება. თუმცა, გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორია. ივანიშვილის უკან დახევისთვის ოპოზიციამ გარე და შიდა ფაქტორების სინერგია ისე უნდა გამოიყენოს, რომ ოცნებისთვის არსებული სტატუს კვო პოლიტიკურად წამგებიანი გახდეს, ხოლო რიგგარეშე არჩევნები ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად იქცეს. ამას კი სჭირდება ერთის მხრივ, დასავლეთის მხრიდან კრიზისის მოგვარებაზე პასუხისმგებლობის სრულად და პირდაპირ ხელისუფლებისთვის დაკისრება. მეორეს მხრივ კი მაქსიმალურად აგრესიული. თუმცა, მშვიდობიანი ყოველდღიური პროტესტი ქუჩაში, ბევრი ადამიანის შესრულებით, რაც ხელისუფლებას კომფორტის ზონიდან ბოლომდე გამოიყვანს.
მოლაპარაკებისას არც ოცნებას უჩვენებია სისუსტე. მმართველმა გუნდმა არც ერთი პრინციპული საკითხი არ დათმო, რითაც საკუთარ ამომრჩეველს მიანიშნა, რომ დასავლეთსაც და შიდა ოპონენტსაც ძლიერი პოზიციიდან ესაუბრება. თუმცა, მისი ასეთი სიჯიუტე, განსაკუთრებით რიგგარეშე არჩევნებთან მიმართებაში, ბევრისთვის მხოლოდ ოცნების სისუსტეზე მიანიშნებს. კობახიძის ტრაბახის მიუხედავად – რომ მისი და ღარიბაშვილის და არა ივანიშვილის პარტია ოპოზიციას ნებისმიერ არჩევნებში დაამარცხებს – ოცნების ელექტორალური შესაძლებლობები და მისი პოლიტიკური მომავალი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ივანიშვილის პარტიის დღევანდელი ვითარება ვაშლიჯვრის მეწყერის მდგომარეობას ჰგავს. ის, რომ გახარიამ გადამწყვეტ მომენტში დატოვა ოცნება, კალაძე კი პარტიას მაქსიმალურად ერიდება, სწორედაც რომ ვიზუალური დადასტურებაა იმ ნაპრალების არსებობისა, რომლებიც ქართულ ოცნებაშია გაჩენილი და შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი ნათელია, თუ როგორ ფართოვდება. თუმცა, რაც პირდაპირ არ ჩანს, არის რღვევის ნიშნები, რომელიც ოცნების სიღრმეში მიმდინარეობს და რომლის შეჩერებაც პრაქტიკურად შეუძლებელია.
დრო რომ ქართულ ოცნებაზე არ მუშაობს იმითაც დასტურდება, რომ მმართველი ძალის უარყოფითი ნაბიჯები ნელ-ნელა აისახება ოფიციალური უწყებებისა თუ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მოხსენებებში, რითაც ვაშინგტონის პოზიციის ინსტიტუციონალიზაცია ხდება. ამის მაგალითია სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი დასკვნა, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, მოსამართლეებზე, ციხეში მაყურებლებზე, მედიაზე განხორციელებულ წნეხსა და არაერთ საარჩევნო თუ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე საუბრობს. რაც იმას ნიშანვს, რომ ამ საკითხებზე თეთრი სახლი ხვალ და ზეგ თვალს უკვე ვეღარ დახუჭავს.
მეორეს მხრივ, ოცნება შიდა უპირატესობასაც კარგავს. კოვიდ პანდემიის, მკაცრი რეგულაციებისა თუ ცივი ზამთრის გამო ოპოზიციას აშკარად გაუძნელდა ადამიანების მობილიზება და გარეთ გამოყვანა. თუმცა, ახლა როდესაც ამინდიც უკეთესდება, ხოლო ეკონომიკური ვითარება და რიგითი ადამიანის სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, აქტიური პოლიტიკისადმი გულგრილად განწყობილ მოსახლეობის ნაწილს უკმაყოფილების მიზეზიც და ქუჩაში გასვლის მოტივაციაც ბევრად მეტი აქვს.
ეს კრიზისი რომ ოდესღაც დასრულდება, ყველასთვის ნათელია. და ისიც ყველასთვის ნათელია, რომ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. თუმცა, საკითხავი ისაა რა დრო დასჭირდება ამას და რა ფასი დაუჯდება ქართულ სახელმწიფოსა და მოსახლეობას, რომელიც ყოველდღიურად ღატაკდება, ლარი უფასურდება, საწვავი, წამლები და სურსათი უსწრაფესად ძვირდება, ეკონომიკა სულს ღაფავს, სახელმწიფოს რეპუტაცია ინგრევა, ყველაფერი რაც აქამდე გვიკეთებია, თვალსა და ხელს შუა ქრება. და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომლის სასარგებლოდაც 30 წლის წინ არჩევანი გავაკეთეთ, დღეს საფრთხის ქვეშაა. დანამდვილებით ვიცი, რომ პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომელებიც ნათლად ხედავენ ამ საფრთხესა და უმძიმეს სურათს; გულწრფელად აღელვებთ ხალხის ბედი და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავალი; კარგად იციან, რომ დასავლეთის გარეშე საქართველოს, ყოველ შემთხვევაში ისეთს, როგორის დაბადებასაც 30 წლის წინ ხმა მისცეს, მომავალი არ აქვს; ერთპარტიული პარლამენტისა და პოლიტპატიმრების პირობებში კი ქვეყანა დასავლურ სივრცეში დიდხანს ვეღარ დარჩება.
გამოსავალი ურთულესი კრიზისის მარტივად მოგვარებაშია. კრიზისის, რომელიც უსამართლო არჩევნებმა და მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ ოცნების ხელისუფლებაში დარჩენამ გამოიწვია, და რომელსაც ვერაფერი უშველის სამართლიანი არჩევნების გარდა.
გიორგი თარგამაძე.