ჟანრი ლოლაშვილი 22 აპრილს 79 წლის გახდა. მსახიობი დროს ხატვაში ატარებს, როგორც ამბობს, კორონას უფრთხის და ქვეყანაზე ეფიქრება…
რუსთაველის თეატრს, სადაც მისი ცხოვრების რამდენიმე ათეული წელი გაატარა, წმინდა ადგილად მიიჩნევს. ინტრიგებისგან თავს ყოველთვის შორს იჭერს. ტელევიზიით მოქიშპე პოლიტიკური მხარეების დაპირისპირებას არ უყურებს. ძაგს პლანეტის უმდიდრესი პერსონები, რომლებიც სიღატაკეს შეწირულ ადამიანებს არ ეხმარებიან და მიაჩნია, რომ ისინი უბედურები არიან.
ჟანრი ლოლაშვილი: – ხანში შესულს, წლები რომ მემატება, ვერაფერ სახეიროს ვერ ვხედავ. მაგრამ გულს არ ვიტეხ და კორონას ვებრძვი. ვირუსი კი არ მაქვს, ჩემი აზრი და გონება იქით არის, რომ რაღაცნაირად გადავრჩე. მეც ვუფრთხილდები თავს და ოჯახიც მიფრთხილდება. სახლიდან გავდივარ აღჭურვილი, დახურული, დასპირტული და მოკლედ… ძალიან მშიშარა არ ვარ, მაგრამ იმდენი პათოლოგია მაქვს, ერთი ბეწო სირთულე და ვეღარ გადავრჩები.
ასაკის მატება ორი მთავარი ანგელოზის – მიქაელისა და გაბრიელის გაფრთხილებაა – მოემზადე, შე ვირიშვილოო! სიკვდილი მუდმივად უნდა გვახსოვდეს. ამიტომ ერთი “გაკრახმალებული” პერანგი გამზადებული მიკიდა გარდერობში (იცინის).
22 აპრილს დაბადებულ ყველა ადამიანს აქვს რეაქცია ამ თარიღზე. რა ასატანი კაცი ლენინი იყო, დიდ თავიანი მონსტრი. ერთ ადამიანზე რატომ უნდა იყოს დამოკიდებული ყველაფერი. მაგრამ აგენტურა, რა. გერმანელებმა იმუშავეს, დააფინანსეს და მოხდა ის, რაც მოხდა. ლენინი დაფინანსებული გახლდათ.
საერთოდ, რევოლუციები დაფინანსებით ხდება. დედამიწის პროგრამებია. ხოდა, ჩემი “გათახსირებული” ტვინით რომ გითხრათ, ეს კოვიდიც მსგავსად დაფინანსებული პროგრამა მგონია. არც ბილ გეითსი მალავს და არც – ილონ მასკი, რომ დედამიწის მოსახლეობა უნდა განახევრდეს. ოღონდ თავიანთი თავი იმ ნახევარში არ წარმოუდგენიათ იმიტომ, რომ მათ ფული აქვთ.
ბინძურ საქმეებში არიან. ბილ გეითსმა ბევრი კარგიც გააკეთა. როცა ადამიანის აზროვნების განსაკუთრებულობას პატივი უნდა სცე, ეს მისი სახელი და გვარია. მაგრამ მერე, როცა ასეთი ადამიანები გაახმამაღლებენ საკუთარ სახელსა და გვარს, მაშინვე იდიოტობები ემართებათ.
ფულზე დიდი ვირუსი არ არსებობს. საჭირო მოვლენაა, არავინ დავობს, მაგრამ 250 ოთახიანი სახლები რომ აქვთ, ასი წელი ფეხს რომ ვერ დაადგამენ შიგნით, ეს უკვე უბედურებაა. 600 მანქანა, ვერასდროს რომ ვერ მოასწრებენ ყველა მათგანში ჩაჯდომას. ამ დროს ვიღაცებს სიღატაკეში სძვრებათ სული. რად გინდა, სად მიგაქვს? მიეცი ხალხს, დაურიგე. ვიღაცას მოეფერე, გადაარჩინე. უამრავი პრობლემაა დედამიწაზე.
ამდენი გაჭირვებული ადამიანი უქონლობის გამო რომ იღუპება და შენ ასეთ ქონებას ფლობ, ასეთ დროს, შე ვირიშვილო, დედამიწაზე ყოფნის მორალური უფლება არ გაქვს. მაგრამ ეს უმდიდრესი ადამიანები მორალისტები არ არიან. ვინც იმაზეა გამეცადინებული, როგორ გამდიდრდეს, სხვანაირი ღირებულებები აქვთ. მოსწონთ თავიანთი ნარცისული მდგომარეობა, თუმცა უბედურები არიან.
– ბოლო დროს, ყველაზე ხშირად რაზე გეფიქრებათ?
– ქვეყანაზე, “ამისისტებზე” და “იმისისტებზე”. ხომ არ შეიძლება, შენი კრეტინული შეხედულებებით იცხოვროს ქვეყანამ?! სხვადასხვა პარტიებია თუ მტრობაა, ვერ გავიგე. ომია, რა ოპოზიციაა? გინდ ერთი მხარე, გინდ მეორე. ეს რა უბედურებაა?! წივილ-კივილით გამორჩეულ ქართულ არხებს მე არ ვუყურებ!…
წყარო – პრაიმტაიმი