საწვავის ფასები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

საქართველოში საწვავის ფასები კვლავ იზრდება.

2021 წლის 27 აპრილს 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ყიდვა, საშუალოდ, 2.88 ლარად შეგიძლიათ, 1 ლიტრი სუპერის – 2.97 ლარად, ლიტრი რეგულარი 2.68 ლარი ღირს, დიზელი კი – 2.75.

სოკარის ვებგვერდზე განთავსებულ ფასების არქივზე დაყრდნობით, აპრილის თვეში 1 ლიტრი ნანო პრემიუმის შეძენა, საშუალოდ, 2.84 ლარად იყო შესაძლებელი, ევრო რეგულარისა – 2.65 ლარად, დიზელი კი 2.66 ლარი ღირდა.

საწვავი ასეთი ძვირი ბოლო 9 წელია არ ყოფილა – 2012 წლის აპრილიდან მოყოლებული, სოკარის ბენზინგასამართ სადგურებში 4 განსხვავებული ტიპის საწვავის ფასები, საშუალოდ, ასე იცვლებოდა:

ჰორიზონტალურ ღერძზე თვე და წელია აღებული, ვერტიკალურზე კი – ფასი

სოკარის ფასების არქივის მიხედვით, საწვავის ფასები, 2016 წელს მინიმუმის მიღწევის შემდეგ, სტაბილურად იზრდება. თუმცა, 2020 წლის დასაწყისში, ვირუსის გავრცელებით გამოწვეულმა სანავთობო და ეკონომიკურმა შოკებმა ფასები მნიშვნელოვნად შეამცირა.

2021 წლის აპრილის მდგომარეობით, პანდემიის ეფექტი გამქრალია – ფასები ბოლო 9 წლის განმავლობაში ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.

ანალოგიურ სურათს ვაწყდებით ლუკოილისა და გალფის ფასების არქივის გაანალიზებისასაც. აპრილის თვეში ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები ასე გამოიყურებოდა:

  • 1 ლიტრი პრემიუმ ავანგარდი – საშუალოდ, 2.82 ლარი
  • 1 ლიტრი ევრო რეგულარი – საშუალოდ, 2.61 ლარი
  • 1 ლიტრი ევრო დიზელი – საშუალოდ, 2.77 ლარი

2012 წლიდან დღემდე კი ფასების დინამიკა სოკარის მსგავსი იყო:

ჰორიზონტალურ ღერძზე თვე და წელია აღებული, ვერტიკალურზე კი – ფასი

რაც შეეხება გალფს, აპრილის თვეში, საშუალოდ, 1 ლიტრი G-Force პრემიუმის ყიდვა 2.87 ლარად იყო შესაძლებელი, ევრო რეგულარისა – 2.67 ლარად, ევრო დიზელი კი 2.75 ლარი ღირდა.

გალფის ფასების სტატისტიკა ზევით განხილული იმპორტიორების იდენტურ სურათს გვიჩვენებს:

ჰორიზონტალურ ღერძზე თვე და წელია აღებული, ვერტიკალურზე კი – ფასი

საქართველოში საწვავის ფასების ზრდაზე, სულ მცირე, ორი ფაქტორი ახდენს გავლენას – ნავთობის მსოფლიო ფასი და ვალუტის გაცვლითი კურსი.

2021 წლის 8 მარტს ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე $70 დოლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნული იყო. მას შემდეგ ნედლი ნავთობის ფასმა რამდენჯერმე დაიკლო, შემდეგ ისევ მოიმატა და დღეს, 27 აპრილს, $65.65-ს გაუტოლდა. ამ მომენტისთვის ნავთობის ფასის ზრდას სამომავლოდაც უნდა ველოდეთ, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

პირველ რიგში, 4 მარტს OPEC-ის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ნავთობის მოპოვებისა და მიწოდების შეზღუდვა აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდება, რაც პირდაპირ აისახება ფასების ზრდაზე.

მეორე მხრივ, 6 მარტს, შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა $1.9 ტრილიონი დოლარის დახმარების სახით ეკონომიკაში ინექცირებას, რაც მოთხოვნის სტიმულირებასა და ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.

და ბოლოს, მსოფლიო მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, რაც პანდემიის დამარცხებისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ყველაზე რეალური გზაა. სავარაუდოა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად იმუნიზებული იქნება, რაც ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად გაზრდის.

რაც შეეხება ვალუტის გაცვლით კურსს, ოპტიმიზმის საფუძველი არც ამ მიმართულებით არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მოხმარებული საწვავის 100% იმპორტირებულია, ფასები სრულადაა დამოკიდებული დოლარის კურსზე. 26 აპრილის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.45 ლარია.

პესიმისტურად არიან განწყობილი ექსპერტებიც. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა BM.GE-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლოდინები ოპტიმისტური არ არის და ფასების მატება გარდაუვალია და ცვლილება როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს შეეხება.

“ტაბულა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share