„რეკომენდაციები არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი,“ – არჩილ თალაკვაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე

„რეკომენდაციები არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი,“ – განაცხადა დღეს, 1-ელ მაისს, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას.

ცნობისთვის: ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის შეფასებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებში აქამდე გაწეული რეკომენდაციები დაკმაყოფილებულია, თუმცა ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება. ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით მეტად ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმების გატარება ჯერ კიდევ აუცილებელია და აღნიშნულია, რომ დაინიცირებული საარჩევნო ცვლილებები უფრო მეტად მიმართულია არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ, ვიდრე კანონმდებლობის სრულფასოვან მიმოხილვაზე დაფუძნებული ფუნდამენტური ცვლილებებისკენ.

,,ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას ის მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რაც იყო ინიცირებული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ეუდო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, რაც არის შეფასებული დადებითად და მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რასაც დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share