თბილისის მერია დამნაგვიანებელთა გამოვლენისა და სანქცირების მიზნით 30 ცალ ფოტოხაფანგს იყიდის. განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე, ქ. თბილისის მერიის სახელით განთავსდა.
შესყიდვა ელექტრონული ტენდერით, აუქციონის გარეშე განხორციელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 75 000 ლარია. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ფოტოხაფანგების განთავსება-გამოყენება მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის პრეროგატივა იქნება. ფოტოხაფანგების მიზანი იმ მოქალაქეების გამოვლენა და შემდგომი სანქცირება იქნება, რომლებიც გარემოს დააბინძურებენ.
შესყიდვის ობიექტის აღწერაში მითითებული ფოტოხაფანგების ტექნიკური პარამეტრებიდან ირკვევა, რომ მოწყობილობას ავტომანქანის სანომრე ნიშნის გადაღების შესაძლებლობა როგორც დღის, ისევე ღამის პერიოდში ექნება, შესაბამისად, დაჯარიმდებიან როგორც ფეხით მოსიარულე დამბინძურებლები, ისე – ავტომობილით.
10 მაისის მდგომარეობით, განცხადებას ერთადერთი გამოხმაურება აქვს – შპს მკს მზადაა, მერიას შესაბამისი აპარატურა 67 000 ლარად მიაწოდოს თუმცა, მერიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.