საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანში საარჩევნო უბანთან სროლას გამოეხმაურა, და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გლდანს ზონდერები შეუსია, რადგან “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ არჩევნებს აგებს.
“ბოლოს და ბოლოს ივანიშვილის ხალხი მიხვდა, რომ არჩევნები წაგებული აქვს და კობახიძის გამოსვლის შემდეგ გადადიან პირდაპირ ძალადობაზე, ზონდერები შეუსიეს გლდანს, ზონდერების და კრიმინალების, არავის არ ეშინია. ჩვენ ვართ ორგანიზებულები, მშვიდობიანები, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და დავიცავთ ჩვენს არჩევანს, არჩევნები ივანიშვილს აქვს წაგებული, წასხმული აქვს, ძალიან დიდი უპირატესობით იგებს ოპოზიცია, ყველა ჩემი მონაცემებით”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო სამსახურის თანამშრომლებს მოუწოდა რომ კანონს დაემორჩილონ და თქვა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათ არავინ არაფერს დაუშავებს: “თქვენ უნდა დაემორჩილოთ საქართველოს კონსტიტუაციას და კანონს, ბევრად უკეთესი პირობები გექნებათ მუშაობის, ბევრად მაღალი ხელფასი და არავინ არაფერს არ დაგიშავებთ”.
- მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას, დღეს არჩევნებზე აქტიურობისკენაც მოუწოდა.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა.
“ეს პირები არიან ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისათვის და წვრიმლანი ხულიგნობისათვის დაკავებულები”, – თქვა ვაჟა სირაძემ.
ცოტა ხნის წინ გლდანში, პირველ მიკროში საბავშვო ბაღში განთავსებულ უბანთან სროლა იყო. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც. დაპირისპირება საკმაოდ ბევრ ადამიანს შორის მოხდა, ვრცელდება ვიდეოები, სადაც მოქალაქეები ამბობენ, რომ ერთერთ პირს იარაღი აქვს და პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.