მე-19 საუკუნეში სწავლა მხოლოდ საზოგადოების მაღალი წრისთვის იყო ხელმისაწვდომი, თუმცა საჭირო განათლებას ხშირად ისინიც ვერ იღებდნენ. როგორი იყო რუსული იმპერიის პროვინციად გადაქცეული საქართველოს გიმნაზიები, სად უშვებდნენ სასწავლებლად და რა ცოდნა ჩამოჰქონდათ იქიდან ბავშვებს?
ლიტერატურის მუზეუმის მიერ 2013 წელს გამოცემული მწერალთა ავტობიოგრაფიების ორტომეულიდან ირკვევა, რომ ქართველი მწერლების უმრავლესობამ კარგა ხნის განმავლობაში ქართული არც წერა იცოდა და არც კითხვა, ხშირად კი ლაპარაკიც ავიწყდებოდათ. მიზეზი ის იყო, რომ მე-19 საუკუნის სასწავლებლებში ქართულად არაფერს ასწავლიდნენ.
დამუნჯებული ბავშვი
დავით კლდიაშვილი წერს, რომ მთავრობას ყოველწლიურად შიდა რუსეთში მიჰყავდა 40-40 ბავშვი, რისი მიზანიც მათი „გონების გადაგვარება“ იყო. ბევრი იქაურ ჰავას ვერ ეგუებოდა და იღუპებოდა კიდეც. თავად მწერალიც ამ ნაკადში მოყვა. ცოცხალი დარჩა, მაგრამ ქართული ისე დაავიწყდა, რომ უკან ჩამოსული ხმასაც ვერ იღებდა. მის დანახვაზე ერთ გლეხს უხუმრია კიდეც: ამ დალოცვილებს თუ ბავშვის დამუნჯება განათლებად მიაჩნიათ, რაღა გადასაკარგში აგზავნიდნენ, აქვე ოთახში დაემწყვდიათ, ამითაც დამუნჯდებოდაო.
საქართველოს სასწავლებლებში კი ქართული წიგნის ქონა (თუკი საერთოდ იშოვიდი) ისჯებოდა. დასჯის ერთ-ერთი საშუალება იყო „უსადილობის ფირფიტა“. მას მაშინ დაიმსახურებდი, თუ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეს მოგისწრებდნენ. ივანე როსტომაშვილი თავის ავტობიოგრაფიაში იხსენებს, რომ თელავის სამაზრო სკოლაში მიბარებულს ექვსი წლის შემდეგ ქართული საერთოდ აღარ ახსოვდა.
„და განა მარტო ეს? პატარა შეგირდებს მოსვენება არა გვქონდა დიდებისგან. დაკეტილნი სასწავლებელში, ესენი ქალების ადგილას გვაყენებდნენ ჩვენ და ვინც კი ცოტათი ლამაზი და სუსტი ხასიათისა იყო, გარყვნილების მორევში აცურებდნენ. წრეს გადასული იყო მათი ქცევა, მეტადრე ღამით, როცა დაიმწეკვავდნენ ვირებსავით ასოს და ხან ერთს შეგირდს მიუშვერდნენ და ხან მეორეს“, – იხსენებს ივანე როსტომაშვილი.
1860 წელს დაბადებული ალექსი მირიანაშვილი ამბობს, რომ 6-7 წლის იყო, როცა სოფელ ვაქირის სკოლას მიაბარეს. პედაგოგი სკოლაში არც დადიოდა და მის მაგივრად პატარებს უფროსკლასელები „ასწავლიდნენ“.
„მკლავღონიერი მოწაფენი, რომელთა უზნეო გავლენა მცირეწლოვან ამხანაგებზედ კალმით არ აიწერება. ამ სკოლაში ყველაფერ საძაგლობას ჰქონდა ადგილი, არ იყო მხოლოდ წიგნის სწავლა“.
საიდუმლო წრეები სკოლებში
იმის გამო, რომ სწავლა-განათლება ბავშვების მოთხოვნებს არ უპასუხებდა, თითქმის ყველა სასწავლებელში რამდენიმე საიდუმლო წრე იყო ჩამოყალიბებული. ამ საიდუმლო წრეებზე მოხსენებების წასაკითხად ბავშვები რეფერატებსაც კი წერდნენ. აქ კითხულობდნენ და არჩევდნენ ქართულ წიგნებს, აკრძალულ ლიტერატურას, გაზეთებს. ეს გაზეთიც ჩუმად უნდა შეგეტანა. ალექსი მირიანაშვილი, რომელსაც „დროების“ ნომრების სასწავლებელში შეტანა ჰქონდა დავალებული, იხსენებს, ახლანდელ რედაქციებში 10-15 კაცი მაინც ზის და მაშინ რედაქციაში ნეტარხსენებული სერგეი მესხის მეტს სხვას იშვიათად მოჰკრავდი თვალსო.
ისჯებოდნენ როგორც ვაჟები, ასევე გოგოებიც. იაკობ ფანცხავა ჰყვება, რომ აჭარაში ხოჯას, რომელიც ქალიშვილებს ასწავლიდა, კლასის კუთხეში დალაგებული ჰქონდა სხვადასხვა ხელსაწყო, ვითომ სწავლისთვის, სინამდვილეში კი სახაზავს მოწაფეებს ხელისგულებზე ურტყამდა, ხუნდებით კი გაკვეთილის არმცოდნეს გაკოჭავდა ხოლმე.
ქურდი თედო სახოკია
სასწავლებლებში მიბარებული ბავშვები ხშირად იტანჯებოდნენ შიმშილით. თედო სახოკია წერს, რომ შიოდათ 24 საათის განმავლობაში. მხოლოდ მაშინ ნაყრდებოდნენ, თუ დღესასწაულებზე მშობლები შინ წაიყვანდნენ. შიმშილი იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რომ საჭმლის ქურდობაც ჩვეულებრივ საქმედ იქცა.
„მუცელი ვალალას გვაყრიდა. რაკი სხვა გზა არა გვქონდა, მივმართავდით ქურდობას. ვქურდობდით გაზაფხულზე გლეხების ხილს, შემოდგომაზე ჭყინტ სიმინდსა და ყურძენს; ვქურდობდით ქათამს, ინდოურს, გოჭს; ვქურდობდით დიდი, პატარა…“
შიო არაგვისპირელი კი იხსენებს, რომ თავის კუთვნილ საკვებს უმცროს ძმას უყოფდა, რომლის პანსიონში დასაბინავებლად ოჯახს ფული აღარ ეყო. პური და ხორცი მისთვის ჯიბით მიჰქონდა ხოლმე და ასე ერთის კუთვნილი ულუფით თავი ორ ბავშვს გაჰქონდა.
სასწავლებლებში დასჯის მრავალი ხერხი იყო, როგორც კანონიერი, ასევე უკანონო. არაგვისპირელი იხსენებს, სემინარიაში რაღაც ჯოჯოხეთი ტრიალებდა, მასწავლებლები მხეცებს ჰგავდნენო.
„გაჩაღებული იყო სემინარიაში ყოველგვარი საზიზღრობა: ჯაშუშობა, ფლიდობა, ძალმომრეობა, უსამართლობა… მესამე კლასში ვიყავ, როცა ჩვენმა ნაამხანაგარმა, ლაღიაშვილმა, რექტორი ჩვენ თვალწინ გამოფაშვა… არავის დაჰნანებია“.
„თხა–მგლად ბავშვის ფსიხოლოგიასთან“
ნატალია აზიანი სიცელქის გამო სამ კლასზე მეტი ვერც ერთ სასწავლებელში ვერ გააჩერეს. „მაშინდელი მასწავლებლები ძალიან თხა–მგლად იყვნენ ბავშვის ფსიხოლოგიასთან“, – წერს ის თავის ავტობიოგრაფიაში.
ნატალია ხან მასწავლებელს აჯავრებდა, ხან მოსწავლეებს აბამდა ნაწნავებით, ერთხელ კი „ნაჩალნიცა“ ტატიშჩევას თავში ვაშლი სთხლიშა. გაკვეთილებზე მერხქვეშ საყვარელი რომანები ჰქონდა გადაშლილი და გატაცებით კითხულობდა.
„მასწავლებელმა მკითხა: Куда делись Вест-готы и Ост-Готы после великого переселения народов? მე, საშინლად განრისხებულმა, რომ მყუდროება დამირღვიეს და საინტერესო რომანის ბოლო არ დამამთავრებინეს, წამოვიძახე ქართულად (მასწავლებელი რუსი იყო) – ჯანდაბაში და დოზანაში, რა ვიცი–მეთქი! ატყდა მოწაფეებში სიცილ–ხარხარი. მასწავლებელი გაოცებით გვიცქეროდა, კლასი ვეღარ დაემშვიდებინა… ბოლოს ვიღაც მეტიჩარა მოწაფემ რის ვაივაგლახით გადაუთარგმნა ჩემი პასუხი… გაცოფებული მასწავლებელი გავარდა „ნაჩალნიცას”–თან, შესდგა „სოვეტი“ და ბოლოს… „შინაურულად“ გამრიცხეს სასწავლებლიდან“.
ლიტერატურული მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ავტორიტარიზმი იმ პერიოდის სკოლებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
„ცარისტული ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლება რუსულად მიმდინარეობდა. სწორედ ამის საპირისპიროდ დაარსდა წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ამან გარკვეულწილად შეცვალა ვითარება, მაგრამ რუსეთის იმპერიის დაშლამდე ქართული უნივერსიტეტის დაარსება მაინც პრობლემად დარჩა. ქართულ ენაზე სწავლება ძნელი იმიტომაც იყო, რომ არ იქმნებოდა შესაბამისი ტერმინოლოგია, რომელიც შემდეგ, პირველი რესპუბლიკის დროს, სპეციალურმა კომისიამ შექმნა“.
ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ დღემდე პრობლემატური საკითხია თანამედროვე ინგლისური ტერმინოლოგიის ქართულად თარგმნა და ქვეყანას დღესაც სჭირდება კომისია, რომელიც ახლაც იმავე სამუშაოს შეასრულებს – სხვადასხვა ტერმინს ქართულ შესატყვისს მოუძებნის.