„ჩვენ მშვიდობა“ – ერთი გურული სიმღერის თავგადასავალი

გურულებს აქვთ ერთი ძველი, გამორჩეული სიმღერა – „ჩვენ მშვიდობა“, რომელსაც უკვე საუკუნეზე მეტია (და, შესაძლოა, უფრო ძველი დროიდანაც) მღერიან და თან, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად.

ამ სიმღერის აუდიოჩანაწერის 70-მდე (შესაძლოა, მეტიც!) ვერსია არსებობს და ყველგან, ყველა შემსრულებელი რაღაც განსაკუთრებულად თავისას უმატებს შესრულებას.

მათგან 40 საუკეთესო ნამღერის აუდიოჩანაწერი ერთად მოაგროვა და ამავე სიმღერის სახელწოდების მქონე წიგნს დაურთო მუსიკოლოგიის დოქტორმა დავით შუღლიაშვილმა.

ამ წიგნში, რომელსაც ხუმრობით მისმა მეგობრებმა „ჩვენ მშვიდობისათვის“ დადგმული პატარა ძეგლიც უწოდეს, შესულია ორმოცივე ნამღერის სანოტო ტრანსკრიფციაც, რაც აქამდე არ არსებობდა – იყო მხოლოდ ხუთი ნიმუშის სანოტო ვერსია.

დავით შუღლიაშვილი
დავით შუღლიაშვილი

ეს „ჩვენ მშვიდობის“ მომღერლებს მომავალში საქმესაც გაუადვილებს, რადგან ძველი ჩანაწერების ნაწილი საკმაოდ დაზიანებულია და რთულად გასარკვევიც, ამიტომ ნოტების გამოყენებით ძველი ვერსიების აღდგენა ადვილად შესაძლებელი გახდება.

ზოგიერთი ჩანაწერი ძალიან დაბალი ხარისხისაა, მაგრამ ნამდვილად არ არის დასაკარგი მასალა. რადგან შესანიშნავი მომღერლების მიერ ნათქვამი ვერსიებია. აქ არის ისეთი ვარიანტები, რომლებიც მერე უკვე აღარ გვხვდება“, – გვითხრა დავით შუღლიაშვილმა.

ჩვენ მშვიდობა სუფრული სიმღერაა და როგორც წიგნის ავტორი, დავით შუღლიაშვილი წერს, ეს სიმღერა სრულდებოდა სუფრის დასაწყისში, მშვიდობის სადღეგრძელოს შემდეგ.

გურულების გარდა, მას დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებშიც ასრულებდნენ, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, აფხაზეთში… მეგრულ ვარიანტში, რომელიც პირდაპირ სიტყვა მშვიდობით იწყება, ერთ-ერთ ჩანაწერში მეგრელები მეორე სტროფს მეგრულად მღერიან.

აი, ნამღერის რამდენიმე ვარიანტი:

„გრამოფონი“ თბილისში – პირველი ჩანაწერები

ზუსტად არ ვიცით, ვინ იმღერა „ჩვენ მშვიდობა“ სულ პირველად. მაგრამ მისი ყველაზე ადრეული ჩანაწერი 1907 წელს არის დათარიღებული – ინგლისური კომპანია „გრამოფონი“ და მისი წარმომადგენელი მაქს ჰამპე, თბილისში სწორედ 1900-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ, აქ კომპანიამ თავისი ფილიალი გახსნა და „ჩვენ მშვიდობა“ გრამფირფიტაზე ჩაიწერა.

აღწერის მიხედვით, ამ პირველ ჩანაწერს გიგო ერქომაიშვილის გუნდის სოლისტები ასრულებენ: გიორგი ბაბილოძე, გიგო ერქომაიშვილი და გიორგი იობიშვილი, თუმცა ამ ამბავზე ანზორ ერქომაიშვილს განსხვავებული აზრი ჰქონდა და ამბობდა, რომ სინამდვილეში, შემსრულებლები იყვნენ ერმილე მოლარიშვილი, ივლიანე კეჭაყმაძე და არტემ ერქომაიშვილი.

გიგო ერქომაიშვილის გუნდი
გიგო ერქომაიშვილის გუნდი

თუ ამ სიმღერას ყურადღებით მოუსმენთ, დასაწყისში ასეთ შეძახილს გაიგონებთ: „მოლარიშვილი, ერთი სტოლის ხეხვავი თქვი, სტოლის“ – რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ სიმღერას მართლაც ერმილე მოლარიშვილი უნდა იწყებდეს, მაგრამ რაც შეეხება ბანს, დავით შუღლიაშვილის აზრით, ეს ხმა, მაინც გიგო ერქომაიშვილისა უნდა იყოს, როგორც ეს ეტიკეტზეა მინიშნებული.

ყველა ნამღერში მთავარი სიტყვები „ჩვენ მშვიდობაა“და უმეტესად, ასეც იწყება „ჩვენ მშვიდობა, გამარჯობა“.

ეს კრებული, როგორც დავით შუღლიაშვილი მოგვითხრობს, იმიტომაც არის საინტერესო, რომ ყველას აწერია შემსრულებელი, ჩამწერის სახელი და ადგილი.

ქართველი ტყვეების ნამღერი ,,ჩვენ მშვიდობა“

ყველა ჩანაწერს, ცხადია, თავისი ისტორია აქვს, თუმცა არის ერთი გამორჩეული ამბავი, რომელსაც დავით შუღლიაშვილი ამ წიგნის შესავალ წერილშიც მოგვითხრობს – „ჩვენ მშვიდობის” ერთ-ერთი ვერსია პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ქართველების ნამღერია.

ჩანაწერები 1916-1918 წლებშია შესრულებული. ამ საქმეს მაშინ ხელი მოკიდა ავსტრიელმა ფილოლოგმა ჰანს პოლაკმა და გერმანელმა მუსიკოლოგებმა კარლ შტუმპფმა და გეორგ შენემანმა. ხოლო ფონოგრაფით ჩაწერის პარალელურად, სხვა მონაცემებს და სიმღერების ტექსტებს იწერდა გერმანელი ფილოლოგი, ფოტოგრაფი ადოლფ დირრი.

„ჩვენ მშვიდობის“ ჩაწერა, თურმე, უფრო გახშირდა 1931 წლიდან, ამ წელს, როგორც დავით შუღლიაშვილი გვიამბობს, კომპოზიტორმა შალვა მშველიძემ ექვსი განსხვავებული ნიმუში ჩაიწერა.

ძმები ჩავლეიშვილები
ძმები ჩავლეიშვილები

სწორედ ის მიიჩნევა პირველ ქართველ ეთნოგრაფად, ვის ფონოჩანაწერებშიც „ჩვენ მშვიდობაც“ მოიპოვება. და ამ რამდენიმე ჩანაწერს შორის არის ძმები აქვსენტი, ლადიკო და მანასე სალუქვაძეების ორიგინალური შესრულებაც – მათი ნამღერის დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ მეორე სტროფში ისინი ჩვეულებრივ კი არ მღერიან, წართქმითი ტექსტი აქვთ, ძნელად გასარჩევი ტექსტია. და ასეთი ვარიანტი არც ერთ სხვა ნამღერში არ გხვდება.

„ჩვენ მშვიდობის“ პირველ მომღერლებს შორის გიგო ერქომაიშვილის ტრიოს ახსენებენ – შემონახულია გიგო ერქომაიშვილის მტელი გუნდის ფოტოც, რომელსაც, თუ დახედავ, როგორც დავით შუღლიაშვილიც ამბობს, თითქოს ფანჯარა იხსნება – წარსულში.

თეოფილე ლომთათიძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი, ერმალო სიხარულიძე
თეოფილე ლომთათიძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი, ერმალო სიხარულიძე

„იქ პირველ რიგში ზის 19 წლის არტემ ერქომაიშვილი, ანზორ ერქომაიშვილის ბაბუა! წარმოიდგენთ, როცა ეს სიმღერა ჩაწერეს, 20 წლისაც კი არ იყო… ანზორი წერს ერთგან ერქომაიშვილების ნამღერზე, ერთ მუხლად მღერიანო, ანუ ერთ სტროფად და ვერ ასწრებენ იმის ჩვენებას, რაც შეუძლიათო, სიმონიშვილის ტრიო სამ მუხლად მღერისო. მაგრამ მე ამაში ანზორს არ ვეთანხმები, რადგან იმ ერთ მუხლში ხდება რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ამ ნამღერისთვის დამახასიათებელი ნიშნითაა აღბეჭდილი“.

რას უნდა ნიშნავდეს მაინც ეს „ჩვენ მშვიდობა, გამარჯვება“?

წიგნის ავტორი წერს, რომ გურიაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მხარეებშიც, გავრცელებული იყო სუფრის და მასპინძელი ოჯახის დალოცვის ფორმა: „ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა, ჩვენს მასპინძელს აშენება“, რომელიც შესაძლოა იყოს ამ საგალობლის სიტყვების პერიფრაზი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

”თითქოს ეს სიმღერაც ამ სამ ქრისტიანულ ფორმულას უკავშირდება“. – ამბობს დავით შუღლიაშვილი.

https://www.radiotavisupleba.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share