„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სუსში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. „ოცნების“ წარმომადგენელმა ძალოვანი უწყების შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, მან სამართალდამცველებს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და დაასახელა მათი ლიდერების გვარები, რომლებიც ამ სცენარის განხორციელებაში არიან ჩართულები.
მისივე განმარტებით, ინფორმაციის წყაროს მედიასთან ვერ დაასახელებს, რადგან ეს უკვე სამართალდამცველების პრეროგატივაა.
“დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე რამდენიმე დღის წინ გავავრცელე. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში “ნაცმოძრაობის” ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი, მათ შორის წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მოაზრებულნი ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა.
ჩვენ ვთქვით მაშინ, რომ შექმნილი იყო ჯგუფები, მათ შორის ე.წ. ეკიპაჟები იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებიც იყვნენ მათ შორის ყოფილი ძალოვნები, მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რომლებიც მერე გამოჩნდა არჩევნების დღეს, თქვენ გახსოვთ ადამიანები შეიარაღებულნი გადაადგილდებოდნენ, მათ შორის ჰქონდათ ელექტროშოკები და ა.შ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, რაც არჩევნების დღეს მოგვიანებით დადასტურდა კიდეც.
ჩვენ დავასახელეთ მათ შორის მათი ლიდერების გვარები. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი ამ მთავარი კრიმინალური დესტრუქციული ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდნენ ასევე რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის, რომელთაგან დავასახელებდი მაგალითად დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც ჩართული ამ სცენარის განხორციელებაში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.