ბავშვის ბედნიერების საიდუმლო – 5 მარტივი წესი მშობლებისთვის

“რა უნდა გავაკეთო, რომ ჩემი შვილი თავს ბედნიერად გრძნობდეს?” – მსგავსი ფორმულირებით ხშირად სვამენ მშობლები შეკითხვებს. იმისათვის, რომ ბავშვები გააბედნიეროთ, სულაც არ გჭირდებათ განსაკუთრებით რთული დავალებების შესრულება.

ოსკარ უაილდი ამბობდა: “ბავშვების სიკეთის საუკეთესო გზა მათი ბედნიერებაა.” ზოგჯერ მშობლები იმდენად ვცდილობთ ბავშვებს საუკეთესო მომავალი შევუქმნათ, ძალიან მარტივი რაღაცები გვავიწყდება, რაც მათ აბედნიერებთ. ოქროს გასაღები სწორედ ჩვენშია. იმის წარმოდგენა  თუ რა გვაბედნიერებდა ბავშვობაში, კარგი დამხმარე საშუალებაა. ამიტომაც პირველი წესი ასეთია:

დაიწყეთ საკუთარი თავით, ისწავლეთ, იყოთ ბედნიერები

საკუთარი თავით დაწყება უნივერსალური საშუალებაა და ყოველთვის,

ყველა სიტუაციაში მოქმედებს. მათ შორის, ბედნიერების განცდის საკითხშიც.

“თუ მშობელი ბედნიერია, ბავშვიც ბედნიერია…” – ფრაზა არასდროს კარგავს აქტუალურობას. ფსიქოლოგიური ფონი იმ ოჯახში, სადაც სიყვარული და პატივისცემაა, სადაც უფროსები საყვარელ საქმეს აკეთებენ, სიამოვნებით ურთიერთობენ ოჯახის სხვა წევრებთან, ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ოჯახებისგან, სადაც მშობელი მსხვერპლის როლშია, მუდმივად ისმის კამათი და ბრალდებები. ცხოვრებისეულ გაკვეთილს, რასაც ბავშვი უფროსებისგან იღებს და რასაც ოჯახში აკვირდება, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, პირველ რიგში, დედამ და მამამ საკუთარ ბედნიერებაზე უნდა იზრუნონ, იფიქრონ თვითრეალიზაციაზე, თუნდაც ბავშვის გამო.

გამოიყენეთ “მწვანე მელნის” პრინციპი

ფსიქოლოგებმა სკოლის მოსწავლეების ორ ჯგუფთან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ერთ

კლასში მასწავლებელმა ბავშვების ნამუშევრების შემოწმებისას წითლად გახაზა მათი შეცდომები. მეორე კლასში კი მწვანედ გახაზა სწორად შესრულებული სავარჯიშოები. ერთი თვის განმავლობაში დააკვირდნენ. პირველი ჯგუფის საქმიანობა და მოტივაცია მკვეთრად გაუარესდა. ხოლო მეორე ჯგუფში პირიქით მოხდა.

სკოლაში ხშირად გვიმეორებენ, რომ საკუთარ შეცდომებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ამიტომ მშობლებიც ამ მიდგომას იყენებენ ბავშვებთან. ზოგჯერ ავიწყდებათ, ან კიდევ საჭიროდ არ თვლიან, შვილის წარმატება აღნიშნონ, შეაქონ და მოტივაცია მისცენ შემდეგი ნაბიჯებისთვის. მსგავსი მიდგომა ბავშვებს სიხარულს აკარგვინებს და თვითშეფასებასაც უქვეითებს. ამიტომ თითოეული მშობლისთვის “მწვანე კალმის” გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მხოლოდ ცუდი საქციელი კი არ დაინახონ, კარგზეც გააკეთონ აქცენტი.

mshoblebi

 

იყავით თქვენი შვილის მიმართ მადლიერნი

“რა დაგავიწყდა? მადლობა არ უნდა უთხრა?” – მშობლები შვილებს ძალიან ხშირად ეუბნებიან ამ სიტყვებს მაშინ, როცა ბავშვს ტკბილეულს ან სხვა რაიმეს აჩუქებენ. აბა, ჰკითხეთ ახლა საკუთარ თავს, რამდენად ხშირად ეუბნებით თქვენს შვილს მადლობას არა მხოლოდ კარგი სიტყვებისთვის, ან შესრულებული დავალებისთვის, არამედ იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში არსებობს.

ეს მხოლოდ ზრდილობის მანიფესტაცია არ არის. ეს ბედნიერებისკენ ოქროს გასაღებია. როდესაც ბავშვს მადლობას ვუხდით, მნიშვნელოვან ადამიანად ვაგრძნობინებთ თავს, ვუკმაყოფილებთ აღიარების მოთხოვნას და ბედნიერს ვხდით მასაც და ჩვენს თავსაც.

ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს შვილს

“ბედნიერებაა, როცა შენი ესმით” – ეს ფრაზა ძალიან საყურადღებოა, რადგან მოსმენისა და გაგების სურვილი ყველა ადამიანს უჩნდება, ბავშვებს კი განსაკუთრებით.

ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ყურადღებით უსმენენ შვილებს, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს უფრო ავტომატური მოსმენაა, ვიდრე ამბის რეალურად გაზიარება. ხშირად კომუნიკაცია მაშინ ხდება, როცა მამა ტელევიზორს უყურებს ან დედა სადილს ამზადებს. ბავშვი ამ დროს თუ დაელაპარაკება მათ, თუმცა, შანსი, რომ რეალური თანაგრძნობა მიიღოს, ძალიან მცირეა. შეიძლება დედა და მამა უსმენენ, სიტყვებსაც კი იმეორებენ, მაგრამ როცა სხვა საქმეს აკეთებენ, ე.წ. “შერჩევითი მოსმენა” აქვთ ჩართული და ყველა არასაჭირო ინფორმაციას ფილტრავენ.

ხშირად კი ეს “არასაჭირო ინფორმაცია” არა მხოლოდ სიტყვებია, არამედ ბავშვის გრძნობებიც, რომლებიც ვერავის გაუზიარა.

მომხმარებელზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის დამფუძნებელმა კარლ როჯერსმა ასეთი პატარა ექსპერიმენტი შესთავაზა საკუთარ მომხმარებლებს: “ცოტა ხნით შეწყვიტეთ საუბარი და მოუსმინეთ სხვებს, ვიდრე ყველა ემოციას არ გამოხატავენ და კმაყოფილნი არ დარჩებიან. ამის შემდეგ კი თქვენი სათქმელი თქვით იმავე პრინციპით”.  თქვენც შეგიძლიათ მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატაროთ შვილებთან და იგრძნობთ, რა ბედნიერები არიან ისინი, როცა უსმენთ და ბოლომდე იზიარებთ ემოციებს.

mshoblebi

 

ბოდიში მოუხადეთ ბავშვს, თუ მის წინაშე არასწორად მოიქეცით

ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვისთვის ბოდიშის მოხდა არ შეიძლება, რადგან ამ ფორმით სისუსტეს გამოავლენენ და ავტორიტეტსაც დაკარგავენ. მსგავსი მიდგომა არასწორია, რადგან მშობელი ამ გზით შვილს ეუბნება: “მე ყოველთვის მართალი ვარ, შენ კი მტყუანი, ნებისმიერ სიტუაციაში”. მსგავსი პოზიცია დანაშაულის შეგრძნებასა და მშობლის მიმართ ბრაზს იწვევს, რასაც, შევთანხმდეთ, საერთო არაფერი აქვს პატივისცემასა და ბედნიერებასთან.

როდესაც დედა ან მამა შვილს ბოდიშს უხდის, ამ დროს ბავშვს სამართლიანობისა და დაფასებულობის განცდა აქვს. ბოდიში ხომ მათთვის უზარმაზარი სიყვარულის გამოხატულებაა, რაც, რა თქმა უნდა, ბედნიერების მომტანია.

https://www.mshoblebi.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share