საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად 19-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს. 22 ივლისს კი 37 გრადუსამდე დაიკლებს და ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
ცხელი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც – დღეს და ხვალ აქაც 40 გრადუსი სიცხე და უნალექო ამინდი იქნება. 21-22 ივლისს კი ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც. დღეს ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს ხვალ კი 40 გრადუსი იქნება. 21-22 ივლისს კი ტემპერატურა 2-3 გრადუსით შემცირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს რომ მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა.