იყო ასეთი დრო ამ ქვეყანაში, როდესაც სახლიდან გასვლისას, სადღაც გულისსიღრმეში გაკრთებოდა ფიქრი, ნეტა თუ მოვბრუნდები უკანო, მეტადრე თუ მეტ-ნაკლებად უკაცური ადგილები გქონდა გასავლელი და მით უფრო თუ რამე მიზეზი შეგაყოვნებდა. ამ დროს იყო, რომ თუ ისეთ ადგილას შეყოვნდებოდი, დარჩენას რომ შემოგთავაზებდნენ, შეიძლება დარჩენილიყავი კიდეც, რადგან ასე უფრო უსაფრთხო იყო. ამ დროს ტურისტი ძირითადად ფილმებში გვყავდა ნანახი და ტურისტი ცალსახად ნიშნავდა უცხოელს, რომელიც რომელიმე დასავლური ქვეყნიდან დიდი ზურგჩანთით იყო ჩამოსული და ძირითადად თუ ასეთი ტურისტი გამოჩნდებოდა, ისინი თავად იქცეოდნენ ღირსშესანიშნაობად. ჩვენ კი გვიკვირდა, რატომ ჰგავდნენ ისინი იმ ეთნოგრაფებს სამყაროს კიდეში პირველყოფილი ცხოვრების წესით მცხოვრები მცირე ტომების შესასწავლად რომ დადიოდნენ ფილმებში. ესეც ძალიან იშვიათად ხდებოდა. ზაფხული გვიყვარდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილა და გასათბობად ათასგვარი უცნაური მეთოდის მოფიქრება არ გვიწევდა, არამედ იმის გამოც, რომ დღე უფრო გრძელია ზაფხულში, შესაბამისად, შედარებით უსაფრთხოდ გადასაადგილებლად, რამდენიმე საათით მეტი გეძლეოდა ადამიანს. გულწრფელად, რომ ვთქვა, ახლა ჩემი თავი გამოვიჭირე, 5 ივლისიდან მოყოლებული, ყოველ დღე, როცა რენეს საყელურს ვუკეთებ გასეირნების წინ, თვალით ვზომავ და გამეფიქრება ხოლმე, რო რამე, ნეტა რამდენ კაცს მოვერევით ერთად? ოდნავ სახეცვლილი, მაგრამ 90-იანი წლების განუკითხაობა ნაბიჯ-ნაბიჯ ბრუნდება ჩვენ ყოველდღიურობაში-წერს ტორესა მოსი.