“საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებული აშშ-ს უარყოფითი რეკომენდაცია, არ არის ახალი და კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული”

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი, ნამდვილად არ არის ახალი და კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული:

“აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული რეკომენდაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე 16 ივნისის მდგომარეობით დევს და მას შემდეგ საქართველოს სტატუსი არ შეცვლილა. მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაფრთხილება უკავშირდება კოვიდს, რაც ცალსახად არის განმარტებული სახელმწიფო დეპარტამენტის იმავე ვებგვერდზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სისტემატურად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რისკებზე და გასაკვირი არ არის, რომ კოვიდის ფონზე საქართველოზეც ასეთი გაფრთხილება დევს.

სახელმწიფიო დეპარტამენტის ვებგვერდზე, ასევე, მკაფიოდ არის მითითებული, რომ ამერიკის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მგზავრობისგან, ამ ტერიტორიებზე კრიმინალის, სამოქალაქო მღელვარებების/არეულობისა და ნაღმების არსებობასთან დაკავშირებული რისკების გამო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ასეთი რეკომენდაციით მიმართავს. მსგავს რეკომენდაციებს შეხვდებით არაერთ, მათ შორის, ევროპულ ქვეყანასთან დაკავშირებითაც,-აცხადებს უწყება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share