“ბებიას შეშინებულისთვის, თვალნაკრავისთვის გამოლოცვა, ბღერის და დამწვრობის მალამოს დამზადება დედამთილისგან მარგალიტასგან უსწავლია. მარგალიტა ბებიას თავისი დედამთილი აღათისგან. ქალიშვილებისთვის სხვა გვარში წავაო და არ გაუტანებიათ, რძლებს დაუსწავლიათ ზეპირად.
ხშირად მოუყვანდენ თანასოფლელები ბებიას , შეშინებულ ან თვალნაკრავ შვილიშვილს, მეზობელი სოფლებიდანაც მოდიოდნენ ზოგჯერ.
ბებია ოდის პარმაღზე მიიპატიჟებდა უცნაურ სტუმრებს, ჩვენ საგულდაგულოდ დაგვასაქმებდა, ან ძროხის გადაჩაირებას მოგვთხოვდა ან კიდევ უფრო შორს გაგვგზავნიდა სადმე და დაიმარტოხელებდა გათვალულ ბაღანას. წინ ისე დაისვამდა ჯორკოზე ყური ახლო ქონოდა მის ტუჩებთან, ცახოცით შუბლს გაიკრავდა და იწყებდა ბუტბუტს. ზოგს ისე იტყოდა გაიგონებდა კაცი, ზოგსაც ვერა..
“მოდიოდა ღელის წყალი, მოქონდა მორიელი, ჩავკარი კაკვი ჯოხი შევაგდე ყორესა , ლილსა , ღილღვსა , ასკილსა..
იი რუმ ჭკნებოდა იი რუმ ღნებოდა იი რუმ დნებოდა, ისე დადნეს, დაჭკნეს, დაღნეს ამ ბაღანას ავი თვალით შემხედვარე..”
ტუჩების ნაპირებს ცახოცის კიდით მოიწმენდდა და აგრძელებდა
” ამ ბაღანას ავი თვალით შემხედვარეს და მაწყევარს წავარდეს სამზერალი თვალები და ყურები..
მე გილოცავ თვალყურისას ათასფერი ქალისასა, ათასფერი კაცისასა , შინაურისასა და გარეულისასა..”
შეშინებულ ბაღანას გულზე მიიხუტებდა და აგრძელებდა
“ოი შინა შინა შინა, გულო რამაც შეგაშინა, გულო იმან მოგარჩინა…
გულო ჩადექ საგულესა, შეგიკერავ საგულესა..”
ასობგერებს არბილებდა, აგრძელებდა, ალამაზებდა, ზოგჯერ წაუმღერებდასავით.. სიტყვებს შორის სიყვარულს ატევდა..
“შიშო გამო კარში, დიეთხუე ამ ბაღნას გამოი გამეიტანე, გამეიყოლიე ეშმა, უხილავი და დატიე ადგილი , სალაკი, სიხარულიზა, ამ ბაღანას პაწა გულში..
გამო შიშო კარში, გამოი გამიეტიე, გამეიყოლე, გამეითანიე..
გამო კარში, გამოი…” და წუუკნავლებდასავით.
ცოტათი დაბნეულ, გაკვირვებულ მარა გამოლოცილ ბაღანას მხრებზე დუუსვარსვალებდა ნაშრომ ხელებს, მოეფერებოდა, გულში ჩაიკრავდა და შუბლზე აკოცებდა.
წითელი პანტა ვაშლის ხისგან დათლილ, შეპეტლილ ჯვრებს რომლებიც ჩითის ნაჭრებში კონდა გამოკერილი ბულავკით გულისპირზე შიგნიდან დაუმაგრებდა თილისმად ” გამჩენელო, დედახვთიშობელო შენ არგე ლოცვა ჩემიო” იტყოდა და ბებიამისს მიუბრუნდებოდა.
“აფერი რომაა, ანაგებათ აფერი არ ჭირს ამ ანგელოზივით ბაღანას, დალოცვილი და ნათელია მისი გზაი, მისი ძეი და მომავალი., წეიყვანეთ შინ და არხეინად ბრძანდებოდეთ ვეფერი, ვეფერს ვერ დააკლებს ამ ბაღანას.. იცოცხლე მრავალჟამიერ ჩემო ეთერი” და გადაულოცავდა შვილიშვილს.
საჩუქრის და მითუმეტეს ფულის არაღება გამოლოცვაში აღათი ბებიასგან მოყოლებული დადგენილი იყო, წახთება საქმეო იტყოდენ.
გააცილებდა ჭიშკრამდე, კიდევ ერთხელ დალოცავდა პირჯვარს გადასახავდა და გამოემშვიდობებოდა, მობრუნებული დემირა ვაშლის ძირში დაჯდებოდა ერხანს, მომისავდა რაცხაო იტყოდა..
არვიცი ამას დღეს რა ქვია და თუ ქვია რამე მაგრამ ერთი ვიცი ზუსტად. იმდენ სიყვარულს ატანდა იმ სიტყვებთან ერთად არ შეიძლება უკვალოდ, უმიზეზოდ, უმნიშვნელოდ , ისე უბრალოდ დაიკარგოს და თავისი საქნელი არ ექნას..”
ზურა შევარდნაძე