ყველაზე დაცული საკომუნიკაციო საშუალებებისა და პლატფორმების ტოპი

ყველაზე დაცული აპლიკაციები ტექსტური/ვოკალური კომუნიკაციისთვის

Wickr

Wickr-ი, უსაფრთხო მიმოწერის სივრცის გარდა, მომხმარებელს პრივატულ მასობრივ ჩატებს, ვიდეო ზარებსა და კონტენტის გაზიარების ფუნქციას სთავაზობს. აპლიკაცია მომხმარებელს უტოვებს უფლებას, გადაცემული ინფორმაცია, ვიდეო თუ მთლიანი ჩატი კონკრეტული დროის პერიოდის გასვლისთანავე წაშალოს, სურვილის შემთხვევაში – ავტომატურად. კომპანია სერვისებს ინდივიდუალური მომხმარებლის გარდა მცირე ბიზნესებსა და კორპორაციებსაც სთავაზობს(Wickr Pro და Wickr Enterprise).

Signal

Signal-ი თითქმის მთლიანად ტექსტობრივ კომუნიკაციაზეა ორიენტირებული და ფართოდაა აღიარებული, როგორც ყველაზე უსაფრთხო აპლიკაცია მოცემულ ჟანრში. Wickr-ის მსგავსად, აქაც ე.წ. End-to-End კოდირების სისტემა გამოიყენება, რაც მომხმარებელს გაცემულ ინფორმაციაზე სრულ კონტროლს აძლევს, თუმცა, განსხვავება ისაა, რომ აპლიკაციის დაცვითი მექანიზმები დეველოპერებისა და პროგრამისტების მიერ რეგულარულად იხედება და ნებისმიერი ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, ახლდება.

ყველაზე დაცული E-Mail აპლიკაციები

ProtonMail

ვებსაიტის სიმარტივისა და იოლად გამოყენებადობის მიუხედავად, ProtonMail-ი ერთ-ერთი ყველაზე დაცული მეილია, რომელიც მომხმარებლის ინფორმაციას თანამედროვე, კომპლექსური ინსტრუმენტების გამოყენებით იცავს. მაგალითად, კომპანია მომხმარებელთა მეილებს ბრაუზერის საშუალების აგზავნის, რაც მათ სერვერებზე მინიმალურ, სრულად კოდირებულ ინფორმაციას ტოვებს.

MailFence

ProtonMail-ის მსგავსად, მეილების გადასაგზავნად და კოდირებისთვის ეს პლატფორმაც ბრაუზერის სისტემას იყენებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ: “თქვენი მეილების წაკითხვა ყველასთვის შეუძლებელია, მათ შორის, ჩვენთვისაც”.

ყველაზე დაცული ვიდეო-კომუნიკაციის საშუალებები

WhatsApp

მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია შედარებით სახელგატეხილ Facebook-ის ჯგუფს ეკუთვნის, WhatsApp-ი ერთ-ერთი ყველაზე დაცული აპლიკაციაა, რომელიც როგორც ტექსტური, ისე ვიდეო-კომუნიკაციის საშუალებას გაძლევთ. აპლიკაციის დამცავი სისტემა Open Whisper Systems-ის პროტოკოლის მიხედვითაა გაწერილი, რომელსაც, თავის მხრივ, ედუარდ სნოუდენის მხარდაჭერა აქვს!

SecureVideo

აპლიკაციის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ იგი HIPAA სტანდარტის შესაბამისი ვიდეოკონფერენციის სერვისებს გვთავაზობს, რომელიც დღესდღეობით ყველაზე დაცული, კომპლექსური და მკაცრი წესებისგან შემდგარი პროტოკოლია, რომელთა დარღვევაც ბიზნესებისთვის საკმაოდ მძიმე ფინანსურ სანქციებს გულისხმობს.

რაც შეეხება სატელეფონო ზარებსა და მესიჯებს, ამ შემთხვევაში მომხმარებელი მოწყობილობის მწარმოებლის მიერ შემუშავებული დაცვითი მექანიზმების იმედზე უნდა იყოს – რაც უფრო თანამედროვე, ძლიერი მექანიზმებითაა აღჭურვილი ტელეფონი და მასთან დაკავშირებული სერვერები, მით უფრო რთული იქნება მომხმარებლის ზარებისა თუ მიმოწერის თვალთვალი.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ამ მომენტისთვის ტოპ 5 ყველაზე დაცული სმარტფონი ასე გამოიყურება:

  1. Purism Librem 5
  2. Apple iPhone 12 Pro Max
  3. Blackphone 2
  4. Bittium Tough Mobile 2C
  5. Sirin V3
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share