როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ, 21 წლის ოზურგეთელი გ.გ. პოლიციამ ბახმაროში დააკავა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, დაკავებულს ჩხრეკისას 17 აბი სუბოტექსი უპოვეს.
რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ის ირწმუნება, რომ არანაირ ნარკოტიკულ ნივთიერებასტან მას შეხება არ ჰქონია და პოლიციამ ის მას ჩაუდო.
როგორც წყარო გვიყვება, გ.გ. პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ ტყეში წაიყვანეს, იქ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, შემდეგ კი აღნიშნული ბრალდებით მისი დაკავება მოხდა.
ასევე, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, პოლიციამ მისი ჩვენებაც შეცვალა: “ბიჭი ამმბობს, რომ მას არანაირი ნარკოტიკი არ ჰქონია და პოლიციამ ის ჩაუდო. შელაპარაკების დროს, რაც მოხდა, ამ ჩვენებას მოაწერა ხელი და ბოლოს დაუდეს შეცვლილი, სადაც თითქოს ადასტურებს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა თან 17 აბი სუბოტექსი. რაღაც საქმე შეკერეს. ძალიან ცუდი თამაშები ატეხეს ამ საარჩევნოდ და მათ ეს არ გაუვათ”-გვეუბნება დაკავებულის ადოკატი.
ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ სასამართლო პროცესი უკვე შედგა და გ.გ-ს ორი თვით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.