ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე აშშ-ს საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს. ინფორმაციას ტავად ხურციძე ავრცელებს.
ხურციძის განცხადებით, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება კარგი ყოფაქცევისა და დისციპლინის გამო მოხდა.
“მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ რამდენიმე დარჩენილი ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ასეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად ვარ კარიერის გასაგრძელებლად. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის“, – აცხადებს ავთანდილ ხურციძე.
ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.
2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.