კახა ჩავლეშვილი
ჩემი ასაკის ხალხს კარგად უნდა ახსოვდეს ოზურგეთში „დღესასწაულები“ სასულე ორკესტრის თანხლებით რომ მიმდინარეობდა, მაშინ ხალხი ამ ორკესტრს გერონტის (ან გერონტიეს) ორკესტრს ეძახდა. ოზურგეთში სასულე ორკესტრის ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც მისი დამაარსებლები ჯარისპან მამეიშვილი და მიხეილ კვაჭანტირაძე თბილისიდან ოზურგეთში დაბრუნდნენ.
ჯარისპან მამეიშვილი და მიხეილ კვაჭანტირაძე თბილისში ოპერის თეატრში სწავლობდნენ სასულე ინსტრუმენტებზე დაკრას, ოზურგეთში დაბრუნებისთანავე კი პირველი სასულე ორკესტრი შექმნეს გურიაში, რომელიც ოზურგეთში მდგარი რუსული სამხედრო ნაწილიდან თხოულობდა ინსტრუმენტებს.
სასულე ორკესტრის მუსიკოსები გურულ ჩაქურებში გამწყობილი უკრავდნენ საქართველოს და რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში, ორკესტრს ძალიან წყალობდა გენერალი ივანე დუმბაძე, რომელმაც ორკესტრი მიიწვია ნოვოროსიიკში იმპერატორ ნიკოლზ მეორის დასახვედრად. ნოვოროსიისკის პოტში გემიდან გადმოსული იმპერატორი გაოცებული უყურებდა ჩაქურებში გამოწყობილ ორკესტს და უკითხავს გენერალისათვის ვინ არის ეს ხალხი და საიდან არიანო, დუმბაძეს უპასუხნია – ჩემი ზემლიაკები ანუ გურულები გახლავთო. იმპერატორს მოსწონებია გურულების დახვედრა და ყველა მათგანი დაუჯილდოვებია.
გურული მუსიკოსები ასევე მიწვეულნი იყვნენ შვეიცარიასა და ავსტრიაში, ორკესტრის ავსტრიაში ყოფნის დროს, ვენაში ყოველ კვირა დღეს ბაღში მოწყობილ სცენაზე უკრავდა ვენის სასულე ორკესტრი. ერთერთი ასეთი საკვირაო კონცერტის დასრულებისას, იქვე მყოფმა ჩაქურაში გამოწყობილმა გურულმა მუსიკოსებმა მოულოდნელად იგივე მელოდია დაუკრეს, რასაც ვენის ორკესტრი უკრავდა. ამის შემყურე გაოცებული ავსტრიელები შემოეხვევია ორკესტრის მუსიკოსებს და დიდხანს ეკითხებოდნენ ვინ იყვნენ და საიდან ჩამოვიდნენ.
პირველ ფოტოზე – ოზურგეთის სასულე ორკესტრი 1905 წელი, შუაში ჯარისპან მამეიშვილი და მიხეილ კვაჭანტირაძე;
მეორე ფოტო – ოზურგეთის სასულე ორკესტრი 1907-08 წელი; მაჯვნიდან მეორე ჯარისპან მამეიშვილი;
ინფორმაცია და ფოტოები მომაწოდა ქალბატონმა მანანა ლომაძემ