“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2021 წლის 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. კვლევისთვის 13 საარჩევნო სუბიექტი შეირჩა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100 000 ლარი შესწირეს.
TI-ის ცნობით, როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების მხრივ “ქართული ოცნების” ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას თითქმის 2.5-ჯერ აღემატებოდა.
ორგანიზაცია წერს, რომ ეს პარტიებს შორის უკიდურესად არათანაბარ პირობებზე მიუთითებს და საარჩევნო გარემოს აზიანებს.
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლები:
- 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით მთლიანობაში 11 905 640 ლარის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის დაახლოებით 70% – 8 288 650 ლარი, მმართველ პარტიაზე – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მოდიოდა. 774 721 ლარით მეორე ადგილზე იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი – საარჩევნო სუბიექტი “გახარია – საქართველოსთვის” 758,701 ლარით;
- ჯამურად მიღებული შემოსავლების 83% (9,873,431 ლარი) კერძო (შემოწირულებები და საბანკო სესხი) დაფინანსებაზე მოდიოდა და მხოლოდ 17% (1,955,996 ლარი) იყო სახელმწიფო დაფინანსება;
- 13 საარჩევნო სუბიექტიდან საანგარიშო პერიოდში შემოწირულება მხოლოდ 8 მიიღო ჯამში 9 373 431 ლარის ოდენობით, საიდანაც 7 837 030 ლარი (ყველა შემოწირულების 84%) მმართველ “ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, 757 811 ლარით მეორე ადგილზე “გახარია – საქართველოსთვის”, ხოლო მესამეზე – 543,182 ლარით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო;
- 13 პარტიის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით მიღებული შემოწირულებები, რამაც ჯამში 14 739 750 ლარი შეადგინა: 77% – 11 343 430 ლარი “ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, მეორე იყო პარტია “საქართველოსთვის” 1 029 437 ლარით, ხოლო მესამე – “ლელო საქართველოსთვის” 956 556 ლარით;
- საბანკო სესხით საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ერთმა სუბიექტმა – “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” ისარგებლა, რომელმაც 8 სექტემბერს “ლიბერთი ბანკისგან” 12 თვის ვადით 500 000 რლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით.
რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ გაწეულ ხარჯებს – TI-ს ცნობით, 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით სულ 10 926 299 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 70% – “ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო “ლელო – მამუკა ხაზარაძე”, მესამეზე კი – “გახარია – საქართველოსთვის”.
საარჩევნო სუბიექტების მთლიანი ხარჯების 61% რეკლამაზე მოდიოდა.