ზეწოლა, დაშინება და სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო – საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებით ოპოზიციურ კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის მასშტაბით გამოირჩეოდა.
მისი თქმით, სავარაუდოდ ზეწოლისა და დაშინების შემთხვევების უმრავლესობა პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლების მიმართ დაფიქსირდა.
“სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო არაერთი ინფორმაცია კანდიდატობასა და ხმის უფლებაზე იურის თქმის იძულების თაობაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. შედეგად, აღნიშნულმა პირებმა რამდენიმე გამონაკლისის გარდა განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. 59-დან 52 არის პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელი, 6 “ნაციონალური მოძრაობის” და 1 “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის”, – აღნიშნა ომბუდსმენმა.
მანვე სამსახურებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ჯამში ამ დრომდე აპარატმა ასეთი 69 სავარაუდო შემთხვევა დააფიქსირა.
“სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივად შეავიწროვეს 69 პირი. მათმა უმრავლესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრისას მიზეზად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული ურთიერთობა დაასახელა. სამსახურეობრივი ზეწოლის და გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა სამეგრელოში, აჭარაში და შიდა ქართლში. დასაქმებულები გაათავისუფლეს ასევე შსს-ს აპარატიდან, მუნიციპალური სამსახურებიდან. ა(ა)იპ-ებიდან და იყო შემთხვევა კერძო სექტორიდან გათავისუფლების თაობაზეც
გარდა ამისა, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს 5 ძალადობრივი ინციდენტისა და ასევე, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის 5 სავარაუდო შემთხვევის თაობაზე. ძალიან საყურადღებო იყო გავრცელებული ინფორმაცია საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებული პირების შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების მაღალი ალბათობის თაობაზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს მონაცემები გამოიყენებოდა ამ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა მედიის მიმართ ძალადობაზეც გაამახვილა ყურადღება და სამართალდამცავ ორგანოებს თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.
“შემაშფოთებელია ის წინასაარჩევნო გარემო, რაშიც ჟურნალისტებს უწევთ მუშაობა. სახალხო დამცველმა 2021 წლის განმავლობაში, 5 ივლისის მოვლენების გარდა, დააფიქსირა ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული 24 შესაძლო დანაშაული. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ არის პასუხისგებაში მიცემული 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორები, მიუხედავად იმისა, რომ ორი პირის მიმართ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ბრალის წარსადგენად.
მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, თითოეულ ამ ფაქტზე დროული და ეფექტური გამოძიების ჩატარებისკენ. ასევე, მივმართავთ ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, არ დაუშვან მოქალაქეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. მივმართავთ ასევე ყველა საჯარო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, რომ თავი შეიკავონ ჟურნალისტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა დისკრედიტაციის კამპანიისგან”, – თქვა ომბუდსმენმა.