“მოდით არ მივბაძოთ მათ, ვინც მიგვერეკება სიძულვილისკენ…გვეზიზღებოდეს ცუდი საქმეები, მაგრამ არა ერთმანეთი”-ახვლედიანი

„მოდით არ მივბაძოთ მათ, ვინც, მაპატიეთ, მიგვერეკება სიძულვილისკენ. გვეზიზღებოდეს ცუდი საქმეები, მაგრამ არა ერთმანეთი“, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მისი თქმით, მას შეიძლება სძულდეს პრემიერ მინისტრის საქმეები, ეზიზღებოდეს კიდეც, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არ ეზიზღება.

„პრემიერ მინისტრმა, როდესაც სვეტიცხოვლის ამბიონზე, შეიძლება ხათრით, პიარულად, ორი სიტყვა თქვა შერიგებაზე, დატოვებული არ ჰქონდა ტაძრის სივრცე, რომ – ისევ ზიზღი, ისევ გაუტანლობა. თქვენც სამწუხაროდ, ყველა არა ცხადია, მაგრამ ამას იმეორებთ.

მე შეიძლება თქვენი პრემიერის საქმეები მძულდეს. მეზიზღებოდეს კიდეც, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არ მეზიზღება. იქნებ ეს მოვახერხოთ როგორმე, რომ ერთმანეთი არ გვეზიზღებოდეს. ისევ იმ ამბიონიდან, ახლა უკვე სასულიერო პირი გვეუბნება, რომ თურმე მიტევება შეუძლებელიაო. ახლა არ არის ის სივრცე, რომ მოვიხმო ან პავლე მოციქული ან სახარების მთავარი წყარო, მაგრამ მსგავსი, უნდა გითხრათ, არც არაფერი გამიგია. თუ ეს ხელს უწყობს საქართველოში დიდ შერიგებას – შერიგებას, რომელიც ზიზღზე არ უნდა იყოს და ვერ იქნება დამყარებული, მაშინ ამიხსნან, მე ვერ ვხსნი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share