ზურაბ შევარდნაძის კარ-მიდამო გურიაში-ძველ ყაიდაზე შექმნილი ახალი სახლი

ვისაც სოფელში უცხოვრია, ანდაც ბავშვობაში ზაფხულის არდადეგები სოფელში გაუტარებია, კარგად იცის, რამხელა სენტიმენტის და ემოციის გამოწვევა შეუძლია სოფლის სახლს ადამიანის გულში. საუკეთესო მოგონებები სწორედ აქ იბადება – ამიტომაცაა, რომ დღემდე კარგად გვახსოვს ჩვენი სოფლის სახლის სუნი, კარგად გვახსოვს სოფლის კაკალი, ვაშლი.. ბებია – ეზო-კარის მომვლელი ადამიანი, რომელიც სწორედ რომ სოფლის მოგონებების ერთგვარი ბურჯია.

როდესაც ზურა შევარდნაძესთან გურიაში, სოფელ ბახვში წავედით, აღმოვაჩინეთ, რომ სწორედ ასეთ ადამიანთან ვიყავით სტუმრად – სოფელთან დაკავშირებული ემოციებითა და სენტიმენტებით სავსე პიროვნებასთან, რომელიც იქ ჩასულ სტუმრებს სწორედ სოფლის მოგონებებსა და პერსონაჟებს უზიარებს.

ბახვი არის ჩემი დედულეთი, მე აქ არ დავბადებულვარ. ახლო მდებარე სოფელში, ასკანაში დავიბადე, სკოლა იქ დავამთავრე, იქ გავიზარდე, ამიტომ არც ერთი ბახველი არ იტყვის, რომ იქაური ვარ. ეს არის დედაჩემისეული, წულაძეების სახლი. ჩემი დიდი ბებია იყო ესმა წულაძე, ძალიან საინტერესო, ძლიერი, ყოჩაღი თალაკვაძის ქალი, რომელსაც ჰყავდა ოთხი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი ქეთო. ამ ოთხი ძმიდან ერთი გარდაიცვალა და დიდმა ბებია-ბაბუამ ეს ეზო გაუნაწილეს 3 ვაჟიშვილს, მერე კი ერთ-ერთი ნაწილი შეხვდა ჩემს ბებია-ბაბუას.

ამ ადგილას იდგა ძველი სახლი, სადაც ჩემში ძალიან დიდ ემოციას იწვევდა თითოეული დეტალი – ყველა სახელური, ფანჯარა, მოაჯირი… ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ეს სახლი გამეახლებინა და გამეკეთებინა ისე, რომ სტუმრების ჩაყვანა შემძლებოდა. თუმცა, ეს არ გამომივიდა, რადგან ის სახლი უკვე ძალიან ძველი და მორყეული იყო. იქაურმა ხელოსნებმაც მითხრეს: “ზურაბ, არ გამოგივა ეგ ამბავი, ჯობია ეს სახლი წავიდეს და იმის ადგილას ააშენო პატარა და ახალი სახლი.” შესაბამისად, დავანგრიე ის სახლი და უფრო პატარა, კომპაქტური სახლი ავაშენე ახალი მასალით. თუმცა, ძველი სახლისგან რაც კი დეტალების შენარჩუნება შეიძლებოდა, ყველაფერი დავიტოვე: აივნის მოაჯირი, კარების სახელური, ავეჯი, ბებიას სარკე, სანათი, ჭაღი, მაგიდის გადასაფარებელიც კი არ გადამიგდია.

სახლი მოიცავს ერთ მისაღებ ოთახს, რომელშიც ასევე შედის სამზარეულო, სადაც ვმასპინძლობთ სტუმრებს, ორ საძინებელს და პატარა აივანს. არაფერი განსაკუთრებული არ მიდგას იმ სახლში, ელექტრომოწყობილობებიც კი არ მაქვს. მე ყოველთვის მინდა, ადგილი გავდეს იმას, რაც უნდა იყოს – არაფერი ზედმეტი. ბლენდერი, ტოსტერი, მიკროტალღური ღუმელი და მსგავსი რაღაცები ჩემთვის უცხოა, რადგან მე ასე არ ვცხოვრობდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმყუდროვე და უბრალოება, არ მომწონს რაღაცით თვალის მომჭრელი სივრცეები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share