მინდა, რომ ხვალ, როცა ტესტები გაკეთდება, მოვიწვიოთ ორივე კომისია და ორივე კომისიამ დადოს დასკვნა – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ “მთავარი არხის” გადაცემა “ღამის მთავარში” ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის ექიმი აღნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტი დღეს უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ამიტომ ხვალ დილით მას გაუკეთდება ტესტირებები და სხვადასხვა სისხლის ანალიზები.
ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს იმასაც, რომ ზუსტი კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ შიმშილობის რომელ დღეს როგორია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ არსებობს და ეს ყველაფერი ინდივიდუალურია.
“მე მინდა, რომ ხვალ, როცა ტესტები გაკეთდება, მოვიწვიოთ ძველი კომისია, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა, ჩემი აზრით, ასევე ალტერნატიული კომისია და ორივე კომისიამ დადოს დასკვნა, რა უნდა გაკეთდეს ახლა. ჩემი აზრია, დავუძახოთ ორივე კომისიას და შემდეგ მოვთხოვოთ სახელმწიფოს, მიიღოს შესაბამისი ზომები. ჩემი აზრით შესაბამისი ზომები ეს არის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
მედიცინის წინაშე ვეძახით ანეგდოტურ რეზულტატებს – ზუსტი კვლევა, რომელიც გვეუბნება რომ ამ დღის შემდეგ ასეა და 30 დღის შემდეგ ასე, ასეთი კვლევა არ არსებობს, ეს დამოკიდებულია ინდივიდზე. მაგრამ, რასაკვირველია, რაც მეტი დრო გადის, სიტუაცია უარესდება”,- თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.