დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოსაყენებლად დაამტკიცა Covid-19-ის სამკურნალო ანტივირუსული აბი, მოლნუპირავირი, რომელზეც ფარმაცევტული კომპანია Merck & Co. მუშაობდა.
მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულატორმა სააგენტომ (MHRA) გასცა რეკომენდაცია, გამოიყენონ მოლნუპორავირი Covid-19-ის ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ, რაც შეიძლება მალე, სიმპტომების გამოვლენიდან პირველ ხუთ დღეში.
ეს არის პირველი ანტივირუსული დასალევი მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენება. მას, სავარაუდოდ, მალე აშშ-ს მედიკამენტების რეგულატორიც დაამტკიცებს.
მედიკამენტმა სექტემბრის ბოლოს კვლევები წარმატებული შედეგებით დაასრულა.
მოლნუპირავირი არის მედიკამენტი, რომელიც ვირუსის რნმ-ს დააზიანებს და მის რეპლიკაციას ხელს შეუშლის.
კორონავირუსთან საბრძოლველად ამჟამად გამოყენებული მედიკამენტები, რომელთაგან ზოგი დიდ ბრიტანეთში სამკურნალოდაც დაამტკიცეს, განსხვავებულად მოქმედებენ. ისინი მონოკლონური ანტისხეულებით მზადდება. მონოკლონური ანტისხეულები არის ლაბორატორიაში დამზადებული პროტეინები, რომლებიც იმუნურ სისტემას ბაძავენ და ორგანიზმში არსებულ ანტიგენებს ებრძვიან. ამისგან განსხვავებით, ზემოხსენებული კომპანიების მედიკამენტების მიზანი უშუალოდ ვირუსთან გამკლავება და მისი ორგანიზმში გამრავლების შეჩერებაა.