სკოლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ონლაინ-სწავლებაში ჩართული პედაგოგები ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობენ და კარგი იქნება, თუ მათი ანაზღაურება გადაიხედება, – განცხადება პარლამენტში, განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ნუგზარ კედელაშვილმა გააკეთა, რომელიც თბილისის 42-ე სკოლას წარმოადგენს.
„ონლაინ-სწავლების დროს პედაგოგების დატვირთვა დილის 9 საათიდან საღამოს 7-8 საათამდე გრძელდება. ძალიან კარგი იქნება, თუ სახელმწიფო მოახერხებს მათი ანაზღაურების ცოტა კიდევ გაზრდას, მეტი მოტივაცია ექნებათ მათ“, – განაცხადა მან.
კომიტეტზე ონლაინ-სწავლების დროს წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობენ. რეგიონების სკოლების წარმომადგენლები სწავლების პროცესში ძირითად პრობლემად ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას, ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენ. თბილისში კი ძირითადი პრობლემა მოსწავლეების მიდგომაა, ისინი ონლაინ-გაკვეთილის დროს ვიდეოს არ რთავენ და საგაკვეთილო პროცესში არ ერთვებიან.
„თბილისში ინტერნეტის პრობლემა არ დგას, თუმცა ონლაინ-სწავლებასთან დაკავშირებით სხვა პრობლემებია. პედაგოგებმა უკვე გამოცდილება დააგროვეს, თუმცა პრობლემები არის. ონლაინ-სწავლება ნებაყოფლობითია, თუმცა მოსწავლეების ნაწილი არ აქტიურობს ჩატში და ჩვენ სხვა ღონისძებების გატარება გვიწევს მათ გასააქტიურებლად. კარგი იქნება, თუ ამ მხრივ რამეს მოვიფიქრებთ“, – აღნიშნა კედელაშვილმა.
bm.ge