“მოვუწოდებთ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს, საარჩევნო რეფორმის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების რედაქციით, კორექტირებების გარეშე, დროულად მიიღონ” – ამის შესახებ მოძრაობა ”სირცხვილია” Facebook-ზე წერს.
სამოქალაქო აქტივისტები წერენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებელი ნაბიჯია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომელსაც, მათი თქმით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გარდა, ქვეყნის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები გულშემატკივრობენ.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, თუმცა დარჩენილი ორი მოსმენა შეფერხებულია. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს, საარჩევნო რეფორმის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების რედაქციით, კორექტირებების გარეშე, დროულად მიიღონ.
ეს საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებელი ნაბიჯია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გარდა, ქვეყნის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები გულშემატკივრობენ. მათი მედიაციით პოლიტიკური სპექტრის უდიდესმა ნაწილმა ხელი მოაწერა აუცილებლად გასატარებელი ამბიციური რეფორმების ნუსხას, მართლაც “სამომავლო გზას საქართველოსთვის”. სრულად პროპორციული არჩევნები ამ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
დამოუკიდებელი საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში, თითქმის ყველა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემის სათავე ერთმმართველობა იყო. მისი ტვირთი მძიმედ აწვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, როგორც ოკუპაცია – საგარეო პოლიტიკას. ამიტომ 2019 წლის ტრაგიკული 20 ივნისის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ სწორედ სრულად პროპორციული არჩევნები მოთხოვა ხელისუფლებას, რეფორმა, რომელიც არა მხოლოდ აწმყოს უკონტროლო და დაუბალანსებელ ძალაუფლებას შებოჭავდა, არამედ სამუდამოდ დაიცავდა ქვეყანას ერთმმართველობის წყევლისგან.
2021 წელს ჩვენ ვესწრაფით იმავეს, რაც 1921 წლის კონსტიტუციით გვქონდა გარანტირებული – პროპორციულ არჩევნებს, ნამდვილ თვითმმართველობას და სასამართლოს. დაბალანსებული ძალაუფლება იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი მამების ხედვა საქართველოსთვის, რომელსაც საზოგადოება, საბედნიეროდ, დღემდე იზიარებს. ეს იშვიათი კონსენსუსია ქვეყნის განვითარების მტრების მიერ წახალისებული პოლარიზაციისა და ხიდჩატეხილობის ფონზე.
2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების მიზანი არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან გავლენის ჯგუფის გაძლიერება. შეთანხმება პოლარიზებული საზოგადოების ფუნდამენტური ჭეშმარიტებების გარშემო კონსოლიდაციას ემსახურება და კონკრეტულ მექანიზმებს ითვალისწინებს, რომელთა შორისაა ჩანაწერი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით: “მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე”.
გვესმის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგი განსხვავებულია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამ შეთანხმების შესრულების გარეშე ქვეყნის თითეული მოქალაქე დაზარალდება, რადგან დემოკრატიული განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღმა ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. – წერია განცხადებაში